ეკონომიკა
17/11/2020

"პანდემიის მიუხედავად, სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს"

პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში არაერთი პროექტი დაპაუზდა, ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაში სკოლების და პროფესიული კოლეჯების მშენებლობა/რეაბილიტაციაა. რა გაკეთდა, რომელი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს და რა იგეგმება  2021 წელს აღნიშნული მიმართულებით, „ბიზნესპარტნიორთან“  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ ისაუბრა.

- რა მიზანს ემსახურება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და რა არის მისი ძირითადი ფუნქცია?

- სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირია, რომლის მისიაა განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრება. კერძოდ,

ა) სამინისტროს, სამინისტროს  სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე მინისტრის ბრძანების საფუძველზე  განსაზღვრული ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეაბილიტაცია, მშენებლობა,  ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;

ბ) მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა (ეხება საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს საქართველოს მასშტაბით) და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების პროცესის წარმართვა.

გ) პირველ კლასელი ბავშვებისთვის კომპიუტერებით უზრუნველყოფა, ეს ვრცელდება ასევე დამრიგებლებზე და ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებზე.

დ) ახორციელებს ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფას. რეგიონების მასშტაბით დელეგირებულია მუნიციპალიტეტებისთვის,რადგან ეს დეცენტრალიზაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენს მიერ ხდება მხოლოდ დაფინანსება.

ე) ახორციელებს პროფესიული სასწავლებლების და სახელოსნოების  მშენებლობას 

- რა ძირითადი სამუშაოები განახორციელა სააგენტომ 2020 წელს? 

- მიმდინარე წელს დავიწყეთ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) 25 მლნ ევროს ღირებულების პროექტი. ჯამში, მიმდინარე წელს დაიწყო 14 ახალი სკოლის მშენებლობა. აქედან 3 ახალი სკოლის (თბილისის 86-ე სკოლა, 138-ე საჯარო სკოლა და კომაროვის სკოლა) მშენებლობა გარდამავალი პროექტია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

აშენდა 11 ახალი სკოლა, მათ შორისაა, წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში და სიქთარვაში, კახეთში, სოფელ მაჩხაანში და ა.შ. წელს დასრულდა 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ასევე დასრულებულია 88 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მიმდინარე ეტაპზე გვაქვს 45 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რომელიც ნოემბრის ბოლოს სრულდება.

დიდ დიღომში პროექტ “განათლების ქალაქის“ ფარგლებში აშენდა თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა, ე. წ მეგა სკოლა. პროექტის ფარგლებში დიდ დიღომშივე  შენდება 350 ბავშვზე გათვლილი სასწავლებელი, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების, თავის კამპუსით. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად განვითარდეს განათლების ქალაქები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასევე აჭარაში სრულდება 250 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა, რომლის შემადგენლობაში 100 ბავშვზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსიც შევა.

- რა მოცულობის ფინანსური რესურსია გამოყოფილი მიმდინარე წლის სამუშაოებზე?

- ზოგადი განათლების პროგრამის ფარგლებში 2020  წელს 80 მლნ ლარი დაიხარჯა. პროფესიული განათლების პროგრამის ნაწილში - 30 მლნ ლარი. საუბარია, მშენებლობების ნაწილზე და ჯამში ყველა პროგრამის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 200 000 ლარი, რაც წლის ბოლომდე 100%-ით იქნება შესრულებული.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს პროფესიული სასწავლებლების კომპონენტი - განათლების ქალაქის ფარგლებში დავიწყეთ KFW-ს პროექტის განხორციელება აღნიშნული დონორის და განათლების სამინისტროს ინიციატივით და მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა. პროექტში 20 მლნ ევროა KFW-ს სესხია, 3 მლნ ევრო არის გრანტი, 1 მილიონი ევრო კი  მთავრობის  კონტრიბუცია.   

დიდ დიღომში განათლების დიდი პროფესიული ჰაბი ე.წ Center of Excellence შენდება, პროექტი „განათლების ქალაქის“ ფარგლებში ხორციელდება. საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი წელს, პროექტირება კი მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც გაზაფხულზე მშენებლობა დაიწყება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს პროექტები, რომელსაც სააგენტო ახორციელებს. მათ შორის, გარდამავალი პროექტები ხაშურში, ბორჯომში, წყალტუბოსა და ზუგდიდში, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 30 მლნ ლარია. პროექტის ფარგლებში შენდება თანამდროვე ტიპის კამპუსები.  კასპსა და მარნეულში მშენებლოები დასრულებულია. სააგენტოს ინიციატივით ასევე მიდის 26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს მშენებლობაც, ამაში შედის ავტოსახელოსნოები, გზების მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა (კადრის მომზადება) და ა.შ.

- რა გეგმები აქვს სააგენტოს სამომავლოდ?

- 2021 წელს დაგეგმილია ღვინის კოლეჯის მშენებლობა კახეთში. სამეგრელოსა და გურიაში ვაშენებთ ინოვაციურ ჰაბს, კერძოდ, სენაკსა და ოზურგეთში. ეს იქნება თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ჰაბი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალგაზრდების მაქსიმალურად დამაგრებას.

პროექტების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა შემდეგ ეტაპზე მოხდება მათი აღჭურვა. ბევრ სხვადასხვა რეგიონში ვაპირებთ ათეულობით სახელოსნოს მშენებლობას. მათ შორის, მაგ. უკვე გამოცხადებულია ტენდერი დევნილი მოსახლეობის მეტი მხარდაჭერისთვის. წალენჯიხის რაიონში, კერძოდ ფოცხო-ეწერში 2021 წლის იანვარში დაიწყება ხის სახელოსნოს მშენებლობა. ამის შემდეგ აშენდება ხის საწარმო, სადაც  შესაბამისი კვალიფიკაციის პირები დასაქმდებიან.

2021 წელს სააგენტო ჯამში, გარდა KFW პროექტისა, სკოლების მშენებლობაში დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროფსასწავლებლების მშენებლობაში კი - 30 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, ყოველწლიურად ხორციელდება წიგნების შესყიდვა, რაც უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი საჭიროება გახდა ონლაინ სწავლების. გვინდა, რომ ყველა სკოლა აღჭურვილი იყოს თანამედროვე ლაბორატორიებით, ხელმისაწვდომი იყოს თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპიუტერული ოთახები.

- რაც შეეხება საერთაშორისო, დონორ ორაგნიზაციებთან თანამშრომლობას, KFW-ს გარდა, ვისთან თანამშრომლობთ და რამდენად მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების როლი?

- მიმდინარე ეტაპზე KFW-სთან საგანმანათლებლო მიმართულებით ვთანამშრომლობთ. მომავალ წელს სხვადასხვა პროექტზეა მათთან აქტიური მუშაობა დაგეგმილი, მათ შორის არის, ღვინის კოლეჯი.

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა პრიორტეტულია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რადგან მათი როლი და ჩართულობა ხელს უწყობს ევროპული ტიპის სასწავლებლების მშენებლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და პროექტების წარმატებით იმპლემენტაციას.