"პანდემია რომ არ ყოფილიყო, ეკონომიკური ზრდა 6.4%-ული პუნქტით მეტი იქნებოდა"
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციალი დააკარგვინა.
"პანდემიის შემდეგ, 2020-2021 წლებში ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 6.4%, ანუ პანდემია რომ არ ყოფილიყო, დღეს ქვეყნის ეკონომიკა 6.4 პროცენტული პუნქტით უფრო მეტი იქნებოდა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისი შეფასებით, ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
"2021 წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით დაიწყო, რითაც საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად. მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. სრულად იქნება კომპენსირებული ის დანაკარგი, რაც ეკონომიკამ პანდემიის პირველ წელს მიიღო და ეკონომიკის აღდგენის ტემპი დაუბრუნდება პანდემიამდელ პერიოდს.
ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ზრდის ინკლუზიურობა. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით დასაქმების მაჩვენებელს, გადასახადის გადამხდელთა დეკლარაციების საფუძველზე. წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით აღემატება 2019 წელთან მიმართებაში არსებულ მაჩვენებელს, ანუ პანდემიამდელ მდგომარეობას. ეკონომიკური აღდგენის ეს პარამეტრები სწორედ იმის შედეგია, რომ შევძელით თავიდან აგვერიდებინა კრიზისის გადადინება ეკონომიკის სისტემურ სექტორებში და ეკონომიკა მზად შეხვდა აღდგენის შესაძლებლობებს", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში ეკონომიკას დარტყმა მიაყენა ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვანმა შემცირებამ.
"გასულ წელს მარტის შემდეგ თითქმის განულდა ტურისტული ვიზიტები, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო სექტორისთვის. მიმდინარე წელს გაზაფხულიდან ეტაპობრივად ხდება ტურიზმის აღდგენა და ივლისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის მონაცემთან შედარებით უკვე 50%-ს აჭარბებს, რაც პანდემიის განვითარების ამ ეტაპზე კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდება და წლის ბოლომდე 9%-იან ნიშნულთან ახლოს იქნება",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, სწრაფი აღდგენა ფიქსირდება საგარეო ვაჭრობაში.
"მეორე კვარტალიდან ვხედავთ ექსპორტის მაღალ და რაც მთავარია დივერსიფიცირებულ ზრდას. ჩვენ ექსპორტში დიდი წილი უჭირავს რეექსპორტს, ნედლეულის ექსპორტს და ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყლები. წლების განმავლობაში ეს კომპონენტები იყო ჩვენი ექსპორტის უდიდესი ნაწილი. წელს ჩვენი ექსპორტის ზრდაში საკმაოდ მაღალი კონტრიბუცია შეაქვს ახალ პროდუქტებს, ეს არის - ტექსტილის ნაწარმი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სეზონური ხილი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, მაღალი ტემპით იზრდება ფულადი გზავნილები, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება.
პარლამენტში პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, რომელსაც ფინანსთა მინისტრი წარადგენს.