ეკონომიკა
23/03/2021

პანდემია ეკონომიკურ ზრდას საფრთხეს ისევ უქმნის

რა მაჩვენებელს მიაღწევს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ეპიდსიტუაციასა და მომავალში შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზეა დამოკიდებული. ექსპერტთა ნაწილისთვის 2020 წელს ეკონომიკის 6,2%-იანი ვარდნა გაკვირვებას არ იწვევს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ 2020 წელი ეკონომიკურად მძიმე წელი იყო და ბიზნესის ბევრ მიმართულებაზე მკაცრი რეგულაციები დაწესდა.

"2020 წელს ეკონომიკის 6.2%-იანი შემცირება პანდემიურმა ვითარებამ განაპირობა. თუ შევხედავთ მის შემადგენელ კომპონენტებს, ვნახავთ, რომ ყველაზე ნეგატიური კონტრიბუციით მომსახურების სექტორი გამოირჩეოდა, მეტწილად - ტურიზმთან კავშირში. შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი კლებაც იყო მოსალოდნელი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკურად უმძიმესი წელი გვქონდა და ბევრი სექტორი რამდენჯერმე მძიმე რეგულაციებით შეიზღუდა, კრიზისის შოკი კი ჯაჭვური რეაქციით სხვა სექტორებსაც გადაეცა. მხოლოდ 2-3 სექტორია, სადაც მიზერული ზრდაა", - განმარტავს კეშელავა.

თუ როგორი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომდევნო წელს, მკვლევარი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, შეზღუდვების რაოდენობასა და სიმკაცრეს უკავშირებს.

„წელი რთულად დაიწყო, იანვარში 2 ციფრიანი ეკონომიკური შემცირების მომსწრენიც გავხდით. თუ მთელი წელი რამდენჯერმე დაწესდება შეზღუდვები და ვერც საკმარისი რაოდენობის ტურისტს მივიღებთ, სამწუხაროდ, მოვლენები ისევ ნეგატიური პროგნოზის სცენარით განვითარდება,“ - აცხადებს კეშელავა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკა 2020 წელს 6,2%-ით შემცირდა, მშპ-ის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49,407 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 0.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.