ეკონომიკა
28/01/2021

პაატა შეშელიძე: რატომ არ მივდივართ პრივატიზების და დენაციონალიზების გზით?!

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებას იწყებს. რეალურად მიიღებს თუ არა ქვეყანა ეკონომიკურ ეფექტს და რამდენად სწორი გზით მიდის მთავრობის ეკონომიკური გუნდი „ბიზნესპარტნიორთან“ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საუბრობს.

მისი განცხადებით, ბევრად გონივრული იქნება, თუ მოხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება, რომლებიც მოგებაზე იქნება ორიენტირებული. შეშელიძის აზრით, სხვა შემთხვევაში საკადრო ცვლილება იქნება დროის ფუჭი გახანგრძლივება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, მათთვის საინტერესო პიროვნებების დასაქმების მიზნით.

„რეალურად არ ვიცი სია, რომელ საწარმოებზე გავრცელდება ეს, შესაბამისად, მიჭირს თქმა, რა მასშტაბზეა საუბარი. არ მესმის რატომ უნდა იყოს საჭირო სახელმწიფო საწარმოების რეორგანიზაცია, როცა არსებობს სხვა გზა, გაიყიდოს და ბაზრის პრინციპების გათვალსწინებით, მოხვდეს ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც  მოგების მიღებით იქნებიან დაკავებული.

ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოა რკინიგზა, რომელიც ტექნიკურად უკვეა სააქციო საზოგადოება, თუმცა, ყველა აქცია სახელმწიფოს ეკუთვნის. შესაბამისად, კითხვა მაქვს ასეთი, რა აზრი აქვს სს-ებად გადაკეთებას თუ ეს არ გაიყიდება და არ დადგინდება ობიექტის რეალური ფასი? ნებისმიერი საწარმოს რეალური ფასი დგინდება მაშინ, როდესაც ვიღაც ყიდის ან ვიღაც ყიდულობს. სხვა შემთხვევაში ილუზიებია. ვერ ვხვდები ეს ნაბიჯი რატომ არ უნდა გადაიდგას,“ - აცხადებს პაატა შეშელიძე.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი  მთავრობას კითხვით მიმართავს - რატომ არ შეიძლება პრივატიზების და დენაციონალიზების გზით წასვლა და რატომ უნდა წავიდეთ ბიუროკრატიული გადახალისების და ადამიანების საკადრო ჩანაცვლების გზით იმ კომპანიებში, რომლებიც არ მუშაობენ საბაზრო პრინციპებით?

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

პირველი სახელმწიფო საწარმო, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარება, პრემიერის თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა და მთავრობა იმსჯელებს როგორ უნდა დაკომპლექტდეს სამეთვალყურეო საბჭო.