ეკონომიკა
23/02/2022

მწვანე ეკონომიკა - სარგებელი და გამოწვევები

გლობალური ეკონომიკის სწრაფი განვითარების სურვილმა გასული საუკუნეების მსოფლიოს გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვის მნიშვნელობა დროებით დაავიწყა.

XVIII-XIX საუკუნეებში ინდუსტრიალიზაციის სახელით ცნობილი ეპოქა იყო ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი, რომელმაც ეკოლოგიური ფაქტორები თითქმის სრულად უგულველყო. სწორედ ინდუსტრიულმა რევოლუციამ (1750-1850 წწ.) თქვა უარი აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე და კარი მსხვილ, ავტომატიზაციაზე დამყარებულ წარმოებას გაუხსნა. განვითარებული ქვეყნების ქცევამ, შეცვლილმა პრიორიტეტებმა და ეკოლოგიურმა კატასტროფებმა სამყაროს კლიმატის ცვლილებები, ჰაერისა და წყლის არასახარბიელო დონე და შემცირებული ბიომრავალფეროვნება მოუტანა. სწორედ ამ გამოწვევების გამო თანამედროვე მსოფლიომ დაიწყო ფიქრი, როგორ განაგრძოს ეკონომიკური განვითარება ისე, რომ გარემო მეტად აღარ დააზიანოს. შედეგად, XX საუკუნეში წარმოიშვა კონცეფცია, რომელიც მსოფლიოში დღეს მწვანე პოლიტიკისა და ეკონომიკის სახელით არის ცნობილი.

„მწვანე ეკონომიკა არის ისეთი ეკონომიკა, რომელიც თავის თავში მდგრად განვითარებას და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ რესურსებზე ზეწოლა შემცირდეს, ხოლო განახლებადი რესურსების გამოყენება გაიზარდოს. ეს არის წყლის, მზის ენერგიის, ქარის, ზღვის ტალღებისა და ბიოთერმული რესურსების გამოყენება. მეორე მხრივ, მწვანე ნაგებობების წახალისება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ნარჩენების მიმართულება, რომელიც ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. საბოლოო ჯამში, მწვანე ეკონომიკა არის ისეთი ეკონომიკის მოდელი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალ თაობას რესურსებზე იმ რაოდენობის წვდომა ჰქონდეს, რომელიც ჩვენ გვაქვს. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს რესურსებთან. ეკონომიკის ერთი ეტაპისთვის თუ არის ნარჩენი, მეორესთვის ეს რესურსი უნდა იყოს. ძირითადად, ეს არის მწვანე ეკონომიკა. ეს არის ღირებულებათა ჯაჭვის გაგრძელება და ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც გულისხმობს უნარჩენო ტექნოლოგიის და ტექნოლოგიის ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც გარემოს მიმართულებით ნაკლები რისკების შემცველია“,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

სოლომონ პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე ბევრი პრობლემა ნარჩენების მართვაა. გამოწვევის მოგვარების მიზნით კი სამინისტრო ცირკულარული ეკონომიკის მოდელის სტრატეგიაზე მუშაობს.

„აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ნარჩენების სეპარირება, მათი შეგროვება, მათი ტრანსპორტირება, აღდგენა, გადამუშავება, რეციკლირება და ხელმეორედ გამოყენება. რაც დარჩება იმის განთავსება ნაგავსაყრელზე. მთავარი პრინციპი არის ის, რომ ნარჩენი ნაგავი არ არის. ამ მიზნით მივიღეთ უკვე 4 რეგლამენტი, რომელიც გარკვეულ ნაკადებზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ნარჩენების მართვის კოდექსის ძირითადი პრინციპი არის, პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“. ყველა, ვინც არის იმპორტიორი, ვინც არის ნარჩენების განმთავსებელი, ნებისმიერი მეწარმე პასუხისმგებელია თავის მიერ გამოშვებული, თუ განთავსებული პროდუქციის ნარჩენი მართოს თვითონ ისე, რომ ეს ნარჩენი არ აღმოჩნდეს გარემოში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა მუშაობს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაზე, რომელიც თავის თავში სწორედ უნარჩენო ტექნოლოგიას და ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას გულისხმობს. მსოფლიოში რესურსებზე სერიოზული ზეწოლაა. ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა წავახალისოთ რესურსდამზოგავი დარგები. ნაკლები რესურსის გამოყენებით მეტი პროდუქციის მიღება - ეს არის ამოსავალი. ეს სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტი არ უნდა იყოს. გვინდა, რომ ჩვენს მეწარმეებს რამდენიმე საპილოტე პროექტიც ვაჩვენოთ. გარემოს მიმართულებით კომპენსაციის გაღება ყველა ბიზნესს მოუწევს“,- განმარტა მინისტრის მოადგილემ.

პოსტ პანდემიურ პერიოდში მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია REC Caucasus დირექტორი. სოფიკო ახობაძე. „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, როგორ მუშაობს ეკონომიკის ეს მოდელი სოფლის მეურნეობაში.

„მნიშვნელოვანია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება. მაგალითად, ეს არის ხვნის გარეშე თესვის პრაქტიკის დანერგვა. ეს მიდგომა, ე. წ No Till ფერმერს ეხმარება, რომ დაახლოებით მეოთხედით შეამციროს მიწის დახვნის ხარჯი. გვალვის რისკების გათვალისწინებით შესაძლებლობას აძლევს, რომ ნიადაგში წყალი შეინარჩუნოს, გაზარდოს მიწის ნაყოფიერება და მოსავლიანობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა მოწყვლადი ფერმერებისთვის, რომელთაც ყველა თეთრი იმისთვის აქვს გათვლილი, რომ მეტი სარგებელი მიიღონ მიწის სწორად დამუშავებისა და გამოყენების გზით.

კიდევ ერთი მაგალითია თესლბრუნვა. ამ შემთხვევაში ფერმერებს რამდენიმე წლის განმავლობაში ვეხმარებით, რომ ცვალონ გამოყენებული კულტურები და გააუმჯობესონ ნიადაგის ნაყოფიერება. მნიშვნელოვანია ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება და ბიო წარმოების ხელშეწყობა. ევროპის ბაზარი საქართველოს ამ მიმართულებით დაფიქრების კარგ შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ მწვანე პროდუქტებზე მოთხოვნა და ბაზარი იზრდება“,- აღნიშნავს ახობაძე.

პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრის პარალელურად ამბობს, რომ მწვანე ინვესტიციების მიმართულებით ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების ნაკლებობაა. REC Caucasus-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მყოფი კომერციული ბანკების უმრავლესობა ამ მიმართულებით არ აქტიურობს.

როგორც აღმოჩნდა, ფერმერებისთვის არც თანამედროვე ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი.

„ყოველ წელს იძულებული ვართ, რომ ფერმერების დაახლოებით 50%-ს ვუთხრათ უარი, რომელსაც დახვნის გარეშე თესვაზე გადასვლა სურთ. ტექნოლოგიები მათთვის ხელმისაწვდომი არ არის.

მწვანე ინვესტირების თვალსაზრისით ნაკლები რესურსია ხელმისაწვდომი. ბანკებმა დაიწყეს ამ მიმართულებით ფიქრი და ვიმედოვნებთ, რომ მწვანე ინვესტიციები გახდება პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. გამოწვევაა საზოგადოების ცნობიერებაც. მაგალითად, ტრადიცია, რომელიც ბუნებრივი რესურსების მომხვეჭველობა იყო, ისევ გრძელდება. ხშირად, რთულია ფერმერმა თავისი ქცევა შეცვალოს. ქცევის ცვლილებას 50 წელი მაინც ჭირდება ხოლმე. თუმცა, გვყავს ბენეფიციარები, ახალგაზრდა ფერმერები, რომლებიც მზად არიან შეცვალონ დამოკიდებულება, სოფლის მეურნეობის პრატქიკა“, - ამბობს სოფიკო ახობაძე.

საზოგადოების ცნობიერების დონეზე საუბრობს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერი. მარიამ ხერგიანის თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ეკომეგობრული გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე დაიწყონ.

„ეკონომიკა მხოლოდ სახელმწიფოს გადაწყვეტილებები არაა, ეკონომიკა არის ადამიანის ყოველდღიური სამომხმარებლო გადაწყვეტები, რომელსაც მივყავართ არასახარბიელო შედეგებამდე. ძალიან ბევრი ბუნებრივი რესურსი, რომელიც გვაქვს დღეს დგას დიდი რისკების წინაშე“,- აღნიშნა მან.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, მარიამ ხერგიანი „ბიზნესპატრნიორთან“ პოზიტიურ ტენდენციებზეც საუბრობს. კერძოდ, მისი განმარტებით, ბოლო წლებში კერძო სექტორმა მწვანე ეკონომიკის მოდელზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო. ამ მიმართულებით განსაკუთრებული როლი კი სტარტაპებს ენიჭებათ.

„საქართველოში ბევრი ინიციატივა გაჩნდა, რომლითაც კერძო სექტორს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს, გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და ე.წ მწვანე შეთანხმებასაც. ძალიან ბევრმა ბიზნესმა დაიწყო მდგრადი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, ჯერ მაინც საწყის ეტაპზე ვართ. რადგან თვითონ მომხმარებელიც არ არის ინფორმირებული მდგრადი გადაწყვეტილებების შესახებ. სამომხმარებლო ჯაჭვში და ე.წ ეკონომიკირ მოდელებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოხმარების მრუდს. ანუ ვინ არის ის, ვინც მოიხმარს პროდუქციას. თუ ჯანსაღ, მდგრად პროდუქციაზე არის მოთხოვნა, მისი მიწოდებაც კერძო სექტორის მხრიდან იზრდება. ეს ჯაჭვები საქართველოში არ არის იმ ეტაპზე, რომ მოხმარება წარმოების სინერგიული მრუდები მივიღოთ, თუმცა პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ბევრი კომპანია ფიქრობს ეკო-მეგობრულ გადაწყვეტილებებზე, მდგრადი გადაწყვეტების შემოტანაზე საკუთარ ბიზნესებში. ამ მიმართულებით უნდა გამოვყოთ სტარტაპების როლიც. დღეს შექმნილი სტარტაპები განსაკუთრებით ციფრული მიმართულებით მოქმედი სტარტაპები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ბიზნეს მოდელებით ნაკლები გავლენა ჰქოდნეთ დედამიწის რესურსებზე და ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაზე, უკვე ბევრია საქართველოში,“ - აცხადებს ხერგიანი.

ფაქტია, მწვანე ეკონომიკის მოდელის გარეშე ცივილიზებული სამყაროს განვითარება გარდაუვალია. სწორედ ამ მიზნით 2019 წელს ევროკავშირმა საზოგადოებას ე.წ მწვანე შეთანხმება წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, 2050 წლისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე სათბური აირების გაფრქვევა უნდა განულდეს, ხოლო ეკონომიკური ზრდა აღარ უნდა იყოს დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე. მწვანე შეთანხმება მომდევნო 10 წელიწადში 1 ტრილიონი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს. და თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება სურს, სხვა ყველაფერთან ერთად ფიქრი მწვანე მომავალზეც მოუწევს.