ეკონომიკა
26/03/2021

მთავრობის პასუხი რაჭული სოჭის მოპოვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭული სოჭის მოპოვებასთან დაკავშირებით კომპანია Fair trees-ის  მიერ  „ბიზნესპარტნიორთან“ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება.

სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსის კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, რა რაოდენობის სოჭის გირჩი იკრიბება ქვეყანაში და რა რაოდენობა გადის ექსპორტზე, ეს აღირცხულია, თუმცა, მცირე ზომის ცდომილებები შესაძლოა არსებობს.

„ყოველთვის შეიძლება ვინმე არაკეთილსიდისიერად მოიქცეს, ეს რა თქმა უნდა დასჯადია და კონტროლდება გარემოს დაცვის ზედამზედველობის დეპარტმანეტის მიერ, რათა ლიცენზიანტის ხელშეკრულებაში ნაკისრი ვალდებულებები გათვალისწინებულ იქნეს,“ - აცხადებს ამირგულაშვილი.

რაც შეეხება იმას, ახდენს თუ არა სახელმწიფო რაჭული სოჭის მოპოვებისას კონტროლს შრომის უსაფრთხოებაზე და დარეგულირებულია თუ არა  შრომითი ხელშეკრულებების საკითხი, ანუ გაფორმებულია თუ არა ყველა თანამშრომელი ოფიციალურად, ამირგულაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არცერთ შემთხვევაში არ რჩება.

„ლიცენზიანტები, როგორც დამსაქმებლები, რომლებიც მაღალ რისკთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის თანხმად, ვალდებულნი არიან დაიცვან შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები. რაც შეეხება აღრიცხვას, ესეც მათი ეკონომიკური ურთიერთობის საგანია, რათა დამსაქმებელი დასაქმებულთან შევიდეს სამართლებრივ ურთიერთობაში. ვფიქრობ, შესაძლოა ეს პროცესი გაუმჯობესებას საჭიროებდეს,“ - აცხადებს ამირგულაშვილი.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში სოჭის გირჩის მოპოვების 19 ლიცენზიანტია, აქედან კი ყველა ლიცენზია გადახედვას ექვემდებარება. როგორც ამირგულაშვილი აცხადებს, ეს პროცესი შესაძლოა წლის ბოლოსთვის  განხორციელდეს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩამოყალიბდება სალიცენზიო პირობები, ამირგულაშვილი განმარტავს, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„განისაზღვრება ახალი პირობები, ახლა არსებული ლიცენზიები დიდი ხნის წინაა გაცემული, ამიტომ, გადასახედია როგორც კვოტების, ისე ფასის საკითხიც. ეს კი შრომითი ურთიერთობის და ხელშეკრულების საკითხსაც დაარეგულირებს. ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ახლა შესწავლას გადის სამინისტროს უწყებებში. სავარაუდოდ, გადაიხედება როგორც გარემოს დაცვის არამერქნული მოსაკრებელის ოდენობა, რომელიც ახლა 0.60 ლარს შედაგენს, ასევე სალიცენზიო მოსაკრებელიც. ამ საკითხზე კონსულტაციები გვექნება მათ შორის, ლიცენზიანტებთან,“ - აცხადებს ამირგულაშვილი.

როგორც ამირგულაშვილი აცხადებს, საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან  35 315 კილოგრამი სოჭის თესლი გავიდა. მისი ექსპორტი განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის: დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. საქართველოდან 2019 წელს 14 964 (1.7 მლნ ლარი) კილოგრამი სოჭის თესლი იქნა ექსპორტზე გატანილი, ხოლო 2018 წელს - 51 161 კილოგრამი (3.2 მლნ ლარი).

შეგახსენებთ, Fair trees-ის პროექტების დაგეგმვის და განვითარების მენეჯერი, ჟანა ბაბუნაშვილმა რაჭული სოჭის ინდუსტრიასა და ადგილობრივ ბაზარზე  არსებულ მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო არ ახდენს კონტროლს რამდენად არის დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმა.ასევე დასარეგულირებელია შრომითი ხელშეკრულებების საკითხი,რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი ამის გამო  საშემოსავლო გადასახადის სახით თანხას კარგავს.