რატომ ვერ იყენებს ამბროლაური რეგიონში არსებულ "ოქროს მადანს"
კომპანია Fair trees-ის პროექტების დაგეგმვის და განვითარების მენეჯერი, ჟანა ბაბუნაშვილი რაჭული სოჭის ინდუსტრიასა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო არ ახდენს კონტროლს რამდენად არის დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმა.
„ჩვენს კომპანიას კეთილი ნება აქვს, რომ უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ უსაფრთხოება, რადგან საყურადღებოა როგორ ხდება გირჩის დაკრეფა. პროფკავშირები უნდა დაინტერესდეს როგორაა ეს საკითხი დაცული - როგორ შეიძლება ადამიანი ადიოდეს 60 მეტრზე და არ ეცვას დამცავი,“ - აცხადებს ბაბუნაშვილი.
ასევე დასარეგულირებელია შრომითი ხელშეკრულებების საკითხი, რადგან გირჩის კრეფაში დაახლოებით 200 ადამიანი მაინც არის ჩართული, აქედან კი შრომითი ხელშეკრულებები 0.1%-ს ექნება გაფორმებული, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს თანხას საშემოსავლო გადასახადის სახით.
„გირჩის მოპოვება-კრეფიდან უფრო მეტი თანხა შეუძლია მიიღოს ამბროლაურმა და ზოგადად, სახელმწიფომ. მთავრობა ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს მუდმივად გვერდში გვიდგას, მაგრამ სისტემური ხარვეზის აღმოფხვრის სურვილი არასდროს გასჩენია. აუქციონში 8 კომპანიამ მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ, მოვიპოვეთ ლიცენზია და თანხა გადავიხადეთ, უცებ აღმოჩნდა, რომ ლიცენზია საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ამ ტყეში და გირჩი მოკრიფოს. სრული უკუნტროლობაა,“ - აცხადებს ბაბუნაშვილი.
მისი განცხადებით, ეს არის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია, თუმცა, რეგიონი მაინც ღარიბია. როგორც ბაბუნაშვილი აცხადებს, ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია ის ოქროს მადანი, რომელიც აქვს ამბროლაურს, უფრო ეფექტურად გამოიყენოს.
„ამბროლაური ყოველ სექტემბერს ელოდება თუ როდის გაევსება ბიუჯეტი. საუბარია გარემოს დაცვის მოსაკრებელზე, რომელიც წლიურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 160 000 ლარი შედის. ამ დროს შეიძლება უფრო მეტი შევიდეს. ჩვენ არავინ გვაკონტროლებს რამდენი გირჩი მოვკრიფეთ.
მე რომ მივალ და გადავიხდი 10 კილოზე გარემოს დაცვის არამერქნულ მოსაკრებელს, 0.60 ლარს, არავინ მაკონტროლებს, მართლა 10 კილოგრამი მოვკრიფე თუ 11 კილოგრამი. ფაქტობირვად, ჩვენ რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. ჩვენი კომპანიაა, რომელიც კეთილსიდისიერად მუშაობს, ვყიდულობთ 100 000 ევროს ღირებულების აღჭურვილობას, ვატარებთ ტრეინინგს, ვქირაობთ გერმანულ ინსტრუქტორს და ა.შ.“ - აცხადებს ბაბუნაშვილი.
ცნობისთვის, გირჩის შეგროვების პროცესი რაჭაში 2020 წლის სექტემბერში დასრულდა. საუბარია, დაახლოებით 300 ტონა ნედლ გირჩზე. წელს საქართველოდან 150 ტონა გირჩი გავიდა. მოსავალი, განსაკუთრებული მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლით გამოირჩევა. ყოველწლიურად, საქართველოდან 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება ევროპაში, ნაძვების 90% რაჭიდან წაღებული კავკასიური სოჭის თესლიდან არის აღმოცენებული. ევროპული ბაზარი დაინტერესებულია არა მარტო ფესვიანი ნერგის შესყიდვით, არამედ საშობაო მოთხოვნის გათვალისწინებით, ასევე ხდება დარგული და მოჭრილი ხეების დისტრიბუციაც.
აღნიშნულ თემაზე „ბიზნესპარტნიორი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან პასუხს ელოდება და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.