ეკონომიკა
06/07/2021

მთავრობა 50 დარგის პროდუქციის წარმოებით თვითუზრუნველყოფის დონის გაზრდას გეგმავს

მთავრობა ადგილობრივი წარმოების განვითარებას გეგმავს, რადგან ექსპორტი და თვითუზრუნველყოფის დონე გაიზარდოს. გეგმაშია 50 სხვადასხვა დარგის პროდუქციის წარმოება.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. მუშაობა მიმდინარეობს: დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ინდოეთთან, აშშ-სთან, რადგან 2025 წელს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან გვქონდეს, 2030 წელს კი, სულ მცირე 57 ქვეყანასთან.

“ამის შედეგად მივიღებთ, რომ ჩვენი ადგილობრივი წარმოება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი იქნება, არამარტო საექსპორტო ბაზრებზე, არამედ ჩვენს შიდა ბაზარზე გამოდევნის და ჩაანაცვლებს ბევრი მიმართულებით იმპორტს.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უახლოეს პერიოდში არის ადგილობრივი წარმოების ისეთი განვითარება, რომ გავზარდოთ ექსპორტი და ჩავანაცვლოთ იმპორტი ბევრი მიმართულებით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ბევრი არასასურსათი წარმოების მიხედვით თვითუზრუნველყოფის გაზრდის პოტენციალი აქვს.

მისი თქმით, ადგილობრივი წარმოების საშენ მასალას ადგილობრივ ბაზარზე 5% უკავია, უახლოეს 5 წელიწადში კი, 6-ჯერ გაზრდა იგეგმება. იგეგმება კერამიკის და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება.

ლაქ საღებავების წარმოებით, ადგილობრივი ბაზრის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 70%-მდე გაიზრდება.

კაბელების, ელექტროსადენების წარმოება პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ვითარდება.

განვითარდება ხის მასალების წარმოება, რომელსაც ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე 19% უკავია.

იგივე ეხება პლასტმასის, ავეჯის, ლითონის მასალის, ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებას.

“ჯამში სულ მცირე უახლოეს 5 წელიწადში ჩვენ ვფიქრობთ, რომ 50 სხვადასხვა დარგის პროდუქციის წარმოების მიხედვით გავაორმაგებთ ექსპორტის მოცულობას და სულ მცირე 20%-ით გავზრდით თვითუზრუნველყოფის დონეს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.