მერაბ კაკულია: ეკონომიკა საშიში დაავადების ტყვეობაშია
რონდელის ფონდის მთავარი მკვლევარი, მერაბ კაკულია გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ იმ ეკონომიკური კრიზისის მიზეზებს განმარტავს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
„კრიზისი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არ არის გამოწვეული ეკონომიკური ხასიათით. ის პროვოცირებულია პანდემიით. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ეკონომიკა მოექცა საშიში დაავადების ტყვეობაში. სანამ ამ დაავადებისგან თავის დაღწევის რეალური პერსპექტივა არ გამოჩნდება, ძნელია იმაზე საუბარი რა შედეგებს მოიტანს ის მრავალრიცხვოვანი ანტიკრიზისული პარადიგმები, რასაც დღეს ვხედავთ მსოფლიოსა და საქართველოში.
საქმე გვაქვს ძალიან სპეციფიკურ ფენომენთან, რომელიც დაკავშირებულია მოთხოვნისა და მიწოდების შოკების ურთიერთგადახლართვასთან. ზოგადად, როდესაც ეკონომიკურ კრიზისზე ვსაუბრობთ, სქემა არც თუ ისე რთულია. აქ სახელმწიფო ცდილობს, მოთხოვნის სტიმულირება მოახდინოს, რათა მოხდეს ეკონომიკური აქტიურობის პროვოცირება. ამ შემთხვევაში საქმე სრულიად საწინააღმდეგო გარემოსთან გვაქვს - სახელმწიფო იძლებულია ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე აიძულოს ადამიანები, ეკონომიკურად უმოქმედონი გახდნენ. „ლოქდაუნი“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე ართმევ უფლებას, რომ განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად გამოიმუშაოს სათანადო შემოსავლები, შემდეგ დახარჯოს ის და მისი მოტიფიკაციური ეფექტით ამუშაოს ეკონომიკა.
მეორე მხარეა ის, რომ როდესაც მათ არ აძლევ მუშაობის საშუალებას, შესაბამისად, საწარმოები, რომელშიც ისინი დასაქმებულები არიან, ვერ ფუნქციონირებენ და აქედან წარმოიშვება მიწოდების შოკი. აი ეს იწვევს იმ რეალობას, რომლის წინაშეც ახლა ჩვენ ვართ“,- აღნიშნა მერაბ კაკულიამ.