ეკონომიკა
10/12/2020

“ქვეყანა არ არის ჯანსაღ მდგომარეობაში“ - გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის დიაგნოზია. ხიშტოვანი „ბიზნესპარტნორთან“ FDI-ს მონაცემების კლების ტენდენციის გაგრძელების შესაძლო მიზეზებზე საუბრობს.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის დიაგნოზია. მაგალითად, გაცვლითი კურსის არასტაბილურობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. ქვეყანაში, რომელშიც, როგორც წესი, ინვესტორი აბანდებს თანხას უცხოურ ვალუტაში და იმ ქვეყნის გაცვლითი კურსი არის არასტაბილური, და თუ ის ინვესტორი არ გეგმავს, რომ მისი დაბანდებული თანხებით სხვა ქვეყნებში ექსპორტი განახორციელოს, ამ შემთხვევაში მის მთლიან მოგებას გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ჭამს.

ინვესტორის ტიპები, რომლებიც საქართველოში აპირებენ სერვისების, ან პროდუქტის შექმნას და მათი მთავარი ბაზარი არის საქართველო, ისინი საერთოდ აღარ ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით. მეორე კატეგორია კი, ვისაც აქ სურს პროდუქტისა და სერვისას წარმოება, სამიზნე ბაზრად კი უცხოეთი აქვს აღებული, მას ვერ ვაინტერესებთ. ამიტომ გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს. ეროვნული ვალუტის სტაბილურობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არ არის საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა. როდესაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ლარი არ აჩერებს გაუფასურებას, ეს არის პირდაპირ დიაგნოზი, რომ ქვეყანა არ არის ჯანსაღ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, მაჩვენებლებიც შესაბამისი გვაქვს“,- აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის III კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის III კვარტალში 66.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით.

2020 წლის III კვარტალში შემცირება ძირითადად მოდის სასტუმროების და რესტორნების (28 მლნ. აშშ დოლარით), ტრანსპორტის (21 მლნ. აშშ დოლარით) და უძრავი ქონების (16 მლნ. აშშ დოლარით) სექტორებზე.