ეკონომიკა
03/11/2023

კონკურენციის სააგენტომ, 1 წლის განმავლობაში, მომხმარებლის დაცვის მიმართულებით 462 განაცხადი განიხილა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, განაცხადების მიღება და განხილვა 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყო.

ერთი წლის განმავლობაში - 2023 წლის 1 ნოემბრამდე - სააგენტოში 462 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 251 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. ამ დროის მანძილზე, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 117 საქმეზე - 77 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 65 საქმეზე გაფორმებულ 41 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი - 53 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 6 მოვაჭრეს, 17 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა. ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 12 საქმეზე - 9 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 64% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 36% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 86%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 6% და იმერეთი 4%.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 144, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 140, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 48, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 24, ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდებაზე 16, ხოლო სხვა დანარჩენზე 90 განცხადება.

“ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას.

სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.