ეკონომიკა
27/10/2021

კობა გვენეტაძე: მოთხოვნა-მიწოდების დასტაბილურება საქართველოს ინფლაციაზე აისახება 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიამ მსოფლიო ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაზრდილია ფისკალური დეფიციტი, ვალის დონე, ინფლაცია მთავარ გამოწვევად რჩება. 

მისი თქმით, პანდემიის პირობებში მიწოდების ჯაჭვი დაირღვა. მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსმა საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მკვეთრად გაზარდა, რაც საქართველოსაც შეეხო.  

"ყველა ეს ფაქტორი არის ე.წ. ეგზოგენური ფაქტორი, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი. როგორც წესი ცენტრალური ბანკები ასეთ ფაქტორებზე არ რეაგირებენ, რადგან ამ ერთჯერადი ფაქტორების მილევის შემდეგ ინფლაცია საწყის დონეს დაუბრუნდება.

2017 წელს საქართველოში იყო შემთხვევა, როდესაც აქციზები გაიზარდა სიგარეტზე და ნავთობზე, მაშინ მოხდა ავტომატურად ფასების მატება და სხვანაირად შეუძლებელი იყო. შემდეგ, როდესაც ეს ეფექტი გავიდა, ინფლაცია შემცირდა. დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია, რადგანაც რა თქმა უნდა ჩვენ არ ვლაპარაკობთ ერთი გადასახადის გაზრდაზე, პანდემია მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. აქედან გამომდინარე, ინფლაციაც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. გარდა ამისა, კდევ ერთი კომპონენტი, რომელიც არაერთხელ აღმინიშნავს, საქართველოსთვის ეს კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან 2019 წელს პოლიტიკური ვითარების გამო, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მოხდა ფრენების აკრძალვა და შემდეგ ეს გაცვლითი კურსის არხით ინფლაციას გადაეცა, ჩვენ უკვე გვქონდა მაღალი ინფლაცია, მაშინ მიღებული იყო მონეტარული პოლიტიკის ზომები, კურსმა დაიწყო შემცირება, ინფლაციამ დაიწყო შემცირება, თუმცა ძალიან მალე დაიწყო პანდემია. ანუ, საქართველო პანდემიას უფრო მაღალი ინფლაციით შეხვდა და მისთვის ზედიზედ ორი შოკი გამოვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია დიდი ხნის განმავლობაში არის მის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოლოდინების ზრდის რისკი და სწორედ ამის საპასუხოდ არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. დღეს არსებული მკაცრი პოლიტიკა ზუსტად ამის ნეიტრალიზაციას ემსახურება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, კობა გვენეტაძის თქმით, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში. 

მისი განცხადებით, ის დისბალანსი, რაც მსოფლიოში შეიქმნა, ჯერ არ დასრულებულა.

"მის სხვადასხვა გამოვლინებებს ვხედავთ. მაგალითად, ნავთობის ფასებს თუ შევხედავთ, დღეს ის ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 1 წლის წინ იყო. რადგან საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული, შეუძლებელია ამან თავისი გავლენა არ მოახდინოს", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ და აქვე დასძინა, როდესაც ეს დისბალანსი აღმოიფხვრება და დასტაბილურდება, ეს უკვე საქართველოს ინფლაციაზეც აისახება. 

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა შოკის ამოწურვის პარალელურად, ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს შემცირებას. 

"მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ", - აცხადებს კობა გვენეტაძე.