კობა გვენეტაძე: კომუნალურების სუბსიდია რომ არ ყოფილიყო, უფრო დაბალი ინფლაცია იქნებოდა
"მაღალი ინფლაციაა. ცხადად ვხედავ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. მესმის მათი შეშფოთების და გაბრაზების, რადგან ინფლაცია ცხოვრებას აძვირებს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.
მისი თქმით, ინფლაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა. გლობალური ინფლაცია კი, დღეს მთავარ გამოწვევად მოიაზრება.
"2021 წლის განმავლობაში, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი გაძლიერდა. მაღალი ინფლაციის მიზეზი, კოვიდ-19 -ის გამო შექმნილი არაორდინალური ვითარება იყო. 2021 წლის დასაწყისში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობდა, რის საფუძველზეც 2021 წლის ბოლომდე პანდემიის დასრულების მოლოდინები გაჩნდა. რეალურად, 2021 წელს, ვირუსის ახალი შტამების გავრცელებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების გამო, პანდემია გამწვავდა და გახანგრძლივდა, რამაც მიწოდების მხარეს არსებული პრობლემები გააღრმავა. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვების პორტებში გამოცხადებულმა ლოქდაუნებმა, ლოჯისტიკური ტიპის შეფერხებებმა, მოთხოვნის გააქტიურების პარალელურად, სატრანსპორტო არხების გადატვირთვა გამოიწვია, რამაც მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც თავის მხრივ თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა.
ამავდროულად მაღალი ინფლაციის მიზეზი მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა იყო. საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის სასურსათო პროდუქტების გაძვირება გამოირჩეოდა. გაზრდილი მოთხვონისა და ასევე გლობალურად ცუდი მოსავლის გავლენით, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისონანსი წარმოიშვა და 2021 წელს სურსათის საშუალო ფასები ბოლო 10 წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზე იყო.
მობილობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე მოთხოვნა და ფასები გაიზარდა. მსოფლიოში ნავთობის ფასი წლის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზეც აისახებოდა", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძის თქმით, კრიტიკოსები ხშირად მიუთითებენ, რომ 2021 წელს საქართველოში მაინც ბევრად მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში.
"მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსით, რიცხობრივად ეს მართლაც ასეა, მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ ქართულ ეკონომიკაში 2021 წელს ისეთი მოვლენებიც მოხდა, რამაც ჩვენთან სამომხმარებლო ფასების განსხვავებული დინამიკა განაპირობა. 2020 წლის დეკემბრიდან, 2021 წლის თებერლვის ჩათვლით, საქართველოში მოქმედებდა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც სამომხმარებლო ფასების რამდენიმე ქვეინდექსი მკვეთრად შეცვალა. შედეგად, ჯამური ინფლაცია, ჯერ შემცირდა, მაგრამ წმინდა სტატისტიკური თავისებურების გამო, მარტში, ანუ პროგრამის ამოწურვისთანავე, იმაზე ბევრად მეტად გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველი შემცირება იყო. მხოლოდ ამ მიზეზით, ინფლაციის საერთო დონემ 2021 წლის მარტიდან მთელი 1 წლის მანძილზე 1.2%-ული პუნქტით მოიმატა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისი განცხადებით, სუბსიდირების პროგრამა რომ არ ყოფილიყო, 13.9%-იანი ინფლაციის ნაცვლად, 10.3% იქნებოდა. ანუ, ახლოს იმ მაჩვენებელთა, რაც წინა წელს სხვა ქვეყნებში ფიქსირდებოდა.
"ფაქტია, მაღალი ინფლაციების იმ რეიტინგში, რომლითაც ჩვენი კრიტიკოსები სხვა ქვეყნებს გვადარებენ, რეალურად საქართველო ბევრად დაბლა უნდა ყოფილიყო.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ 2021 წლის აპრილიდან, საქართველოში ეკონომიკურმა აქტივობამ ყველასათვის მოულოდნელად ბევრად სწრაფად დაიწყო აღდგენა, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებში ხდებოდა. ამას ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის აბსოლუტურად გამართულმა მუშაობამ, რაც ასევე ეროვნული ბანკის დამსახურებაა. ე.წ. დაგუბებული მოთხოვნების ერთბაშად რეალიზაციამ, სხვა თანაბარ პირობებში სამომხმარებლო ფასებზე, იმაზე დიდი წნეხი გამოიწვია, ვიდრე ეს მეტნაკლებად მსგავსი აღდგენის პირობებში გვექნებოდა. ეროვნული ბანკის გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ, ეს წნეხი შემდგომ გაანეიტრალა, თუმცა მოკლევადიან პერიოდში სრულად ვერ გააქრო, რაც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.