ეკონომიკა
19/02/2021

კითხვები გერმანიაში ქართველების დასაქმებაზე - ნატალია ჩუბინიძის განმარტება

სპეციალისტი მიგრაციის მართვის საკითხებში ნატალია ჩუბინიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმების პროექტს აფასებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ამ პროგრამის მიმართ მაღალი ინტერესი, ბუნებრივია. 

„2017 წელსაც, როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გავაფორმეთ,  დიდი ინტერსი იყო, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ ფოკუსი მთავარზე - ადამიანები ინტერესს გამოთქვამენ დროებით, ლეგალურად, 3 თვით დასაქმებაზე, გარდა ამისა, გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება შერჩევა დარეგისტრირებულთა შორის. არ ვიცი რა კატეგორიის ადამიანებს აქვთ განაცხადი შეტანილი, მაგრამ რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სტუდენტს საქართველოდან მოუნდეს თავისი დასვენების პერიოდი გამოიყენოს, წავიდეს გერმანიაში, იმუშაოს, იქ გარკვეული პერიოდი დაჰყოს, ნახოს იქაური გარემო, მიიღოს შრომითი გამოცდილება, შემდეგ ჩამოვიდეს და მიღებული რესურსი გამოიყენოს,“ - აცხადებს ჩუბინიძე. 

მისი ინფორმაციით, ზუსტად ის, რომ ადამიანებს აქვთ ინტერესი ლეგალურად წავიდნენ და 3 თვის შემდეგ უკან დაბრუნდნენ, კარგია, რადგან პროცესი ცირკულარულია. ეს უკვე სახელმწიფოთაშორის დონეზეა დარეგულირებული. ასეთი თანამშრომლობა იძლევა რწმენას, რომ პროცესი იქნება მოწესრიგებული სწორი მართვის პირობებში. 

როგორც ჩუბინიძე აცხადებს, ჩვენ როგორც ქვეყანას გვჭირდება რომ გყავდეს ადამიანები, ვისაც ექნება ევროპული განათლება, ევროპულ შრომის ბაზარზე მუშაობის, ევროპული ფასეულობების კიდევ უფრო ახლოს გაცნობის გამოცდილება. 

მისივე შეფასებით,  პროექტის შეფასება შესაძლებელია როგორც გერმანიასა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, განსაკუთრებით მთელი მსოფლიოსათვის გამოწვევით სავსე ვითარებაში.

მისი განმარტებით, ზოგადად, ევროკავშირთან ურთიერთობის/ინტეგრაციის პროცესში, ადამიანების გადაადგილების საკითხი ყოველთვის იყო ინტეგრაციული პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, სამეზობლო პოლიტიკით დაწყებული, ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების ხელშეკრულებით გაგრძელებული და სულ ბოლოს უვიზო მიმოსვლა. 

ახლა კი ზოგადად, ევროკავშირთან და მის კონკრეტულ წევრ ქვეყნებთან, ვართ იმ ეტაპზე, რომ შეგვიძლია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომის ბაზარზე ლეგალური დასაქმების შესაძლებლობებზე ვისაუბროთ.

„ინტერესი მაღალია ამ კუთხით, თუმცა, ლეგალური დასაქმება უნდა განვიხილოთ არალეგალური დასაქმების საპირწონედ. ჩვენ კარგად ვიცით, ადამიანებს რამხელა სირთულეების გავლა უწევთ იმისათვის, რომ წავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებისათვის, თითქმის არ არის ხოლმე მონაცემები მათ შესახებ, რადგან გადაადგილება ხდება არალეგალურად, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს ზუსტად ექნება ინფორმაცია ვინ რა სპეციალობით და რამდენი ხნით არის დასაქმებული კონკრეტულ ქვეყანაში,“ - აცხადებს ნატალია ჩუბინიძე. 

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმების პროექტზე საუბრისას, ყურადღება რამდენიმე მიმართულებით უნდა გამახვილდეს მისი აღსრულების მექანიზმების ეფექტიან განხორციელებაზე, რათა ბოროტად არ იქნას გამოყენებული ეს შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ როგორც შერჩევის ასევე ზოგადად სხვა პროცესში, ჩართული იქნება ორივე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი უწყებები, იარსებებს ინფორმაცია პროექტის მოსარგებლეთა შესახებ, მაძლევს იმის რწმენას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მიგრაციული პროცესის ცირკულარული ხასიათი იქნება შენარჩუნებული.   ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, მოქალაქეების მხრიდან გაცნობიერებული იქნას, რომ როდესაც არსებობს  ხელშეკრულება, რომლის ეფექტიანი გამოყენებაც სარგებელს მოუტანს, როგორც კონკრეტულ ერთ მოქალაქეს ასევე ზოგადად ქვეყანას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უნა იქნას ზედმიწევნით დაცული. ასე იყო მაგალითად როდესაც საუბარი ეხებოდა ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების და შემდეგ უკვე უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას. 

“მაქვს რწმენა, რომ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, უახლოესი წლების მანძილზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის ქვეყნიდან გამგზავრების გადაწყვეტილება იქნება პროფესიული უნარების განვითარების, უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობა და არა დასაქმების ერთადერთი პერსპექტივა.  საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული ამბიცია, 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის თაობაზე, ცხადია გულისხმობს მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან ბევრი მიმართულებით, მათ შორის შრომითი ურთიერთობების და შრომის ბაზრის სფეროში და რაც მთავარია მოიცავს  ევროპული ფასეულობების დანერგვას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“-აცხადებს ჩუბინიძე. 

როგორც ექსპერტი აცხადებს, ცირკულარული ლეგალური შრომითი მიგრაციის პროექტი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად სწორი და ეფექტიანი მართვის პირობებში, თუ მას ექნება სამმხრივი მოგების ეფექტი, რაც გულისხმობს რომ, მომგებიან პოზიციაში იქნება მიმღები ქვეყანა, ამ შემთხვევაში გერმანია, ვინაიდან მას აქვს შრომის ბაზარზე რესურსის საჭიროება, თავად ის ადამიანი, რადგან მკიღებს ცოდნას, შრომის გამოცდილებას და შესაბამის ანაღაურეაბს და ჩენი ქვეყანა, რომ ეს ადამიანი უკან დაბვრუნდება და მას გამოვიყენებთ. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. 16 თებერვლის მდგომარეობით, “დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ ამ დროისთვის 53,274 პირი დარეგისტრირდა, ხოლო სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ მათგან 35 121 პირმა შეავსო.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებას 1-დან 3 თვემდე ვადით შეძლებენ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.

საქართველოს მოქალაქეების დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გახდა შესაძლებელი. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge