კერძო საპენსიო სქემის შექმნის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს
ნებაყოფლობითი საპენსიო სქემის შექმნის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. კანონი ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების რეგულირების წესს ახლებურად აწესრიგებს.
პროექტის მიზანია, გაჩნდეს შესაძლებლობა იმისა, რომ მოქალაქეებმა საკუთარი შემოსავლებიდან დანაზოგები ნებაყოფლობით მიმართონ კერძო საპენსიო დანაზოგებისკენ. მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, სადაც, ინიციატორების განმარტებით, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი მექანიზმები და საპენსიო სქემების მონაწილეთა ინტერესების დაცვის გარანტიები.
“ზოგადად, დანაზოგების მობილიზება საქართველოში არ არის ადვილი. პირველი დიდი ნაბიჯი, რაც ამ კუთხით გადაიდგა, სავალდებულო საპენსიო სქემის შექმნა იყო, რომელმაც 2019 წლიდან საკმაოდ დიდი მოცულობა შექმნა გრძელვადიანი ლარის აკუმულირების თვალსაზროსით.
რესურსი დანაზოგებისთვის არის, უბრალოდ საჭიროა სტიმულირების მექანიზმების შექმნა“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე.
ნებაყოფლობითი საპენსიო სქემა გამიჯნულია ე.წ. მეორე სვეტის საპენსიო დანაზოგების მოდელისგან, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა და სადაც, სავალდებულო საპენსიო შენატანები აკუმულირდება. ე.წ. პირველი სვეტის პენსია კი, სოციალური პენსიაა.
ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებს, ლიცენზიატებსა და შესაბამისი აქტივების მმართველებს ზედამხედველობას დაზღვევის ზედამხედველიბის სამსახური გაუწევს.