ეკონომიკა
20/05/2021

ჯაჭვური რეაქცია - "ლარის გაუფასურების ტვირთი მომხმარებელზე გადადის"

ლარის გაუფასურების დროს კერძო სექტორს სავალუტო რისკები მომხმარებელზე გადააქვს. სწორედ ამიტომ ბიზნესმენები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას ყველაზე მტკივნეულად მოსახლეობა განიცდის.

„ზოგადად, ქართული ეკონომიკა დოლარიზებულია და რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ლარიზაციასა და მსგავს თემებზე, ამის მიღწევა თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ძალიან რთული იქნებოდა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ყველა კომპანია ცდილობს, თავისი სავალუტო რისკები გადაიტანოს მომხმარებელზე. იგივე მაგალითია ჩევნთანაც. მოგეხსენებათ, რომ არასტაბილური სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც საკრედიტო ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში გაქვს, გიწევს თავის დაზღვევა. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი რისკი გადაგვაქვს მოიჯარეებზე, მოიჯარეებს მომხმარებელზე და საბოლოოდ ეს ყველაფერი ფასებში აისახება. ამის ხარჯზე ხდება ის, რომ როდესაც ლარი უფასურდება ამას მოკლევადიან ჭრილში ყველაზე მტკივნეულად მოსახლეობა განიცდის, რადგან საბოლოო ჯამში მთელი ეს ტვირთი მათზე გადადის. ლარის გაუფასურება აისახება თქვენზე, ჩემზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს“,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორი, ლევან ყარალაშვილი.

მისივე თქმით, სავალუტო რისკების მომხმარებელზე გადატანის მიუხედავად, არსებობს ფასების ჭერი, რომელსაც იმპორტიოები ვერ გასცდებიან.

„იმპორტიორები, რომელთაც პროდუქცია შემოაქვთ, მათ შორის ჩვენი მოიჯარეები, აძვირებენ ფასებს და ამით აკომპენსირებენ იმ დანაკარგს, რაც შეიძლება, ჰქონდეთ. თავის მხრივ ამასაც საკუთარი ზღვარი აქვს. 80%-ით ვერ გაზრდი ფასს. ამიტომ უწევთ ხარჯის შემცირება, თანამშრომლების შეკვეცა, საოპერაციო ხარჯების მინიმიზაცია, ფასების გაძვირების ფონზე. საბოლოო ჯამში სახელმწიფო ზარალდება იმიტომ, რომ მცირდება ბრუნვა, მცირდება გადახდილი გადასახადები და ეს წნეხი თავიდან ბოლომდე აისახება ყოველ ჩვენგანზე“,- ამბობს ბიზნესმენი.

ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას გააზრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სჭირდება.

„ეროვნული ბანკი ცდილობს და აკეთებს იმას, რაც შეუძლია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმიტომ, რომ ზოგადი მაკროეკონომიკური ფონია ძალიან ცუდი. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ამოცანაა, რომ ბიზნესის გადარჩენას შეუწყოს ხელი. გვჭირდება ქმედითი გადაწყვეტილება, ბიზნესთან კომუნიკაცია, ამოსავლის ერთობლივად პოვნა და არა მითიურ 10 წლიან გეგმაზე მუშაობა.