იციკ მოშე: სჯობს, ენერგია უკვე შემოსული ინვესტორების მხარდაჭერას მოხმარდეს
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე მთავრობის ინიცირებულ უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის ახალ პროგრამას აფასებს.
„ჩვენ ვართ არაორდინალურ პერიოდში,შესაბამისად, არ გვაქვს ფუფუნება, მოვიქცეთ სტანდარტულად. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატას, რომელიც, 25 წელია საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს, აქვს რჩევა, რომ ენერგია მოხმარდეს უკვე შემოსული ინვესტორების წინაშე არსებული საკითხების გადაჭრას“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი.
როგორც იციკ მოშე აცხადებს, პირველ რიგში, სწორედ არსებული ინვესტორების ინტერესშია დამატებით ინვესტირების განხორციელება და პროექტების დასრულება, რაც ბიძგს მისცემს სხვა, პოტენციურ ინვესტორებსაც.
„მივესალმები ეკონომიკის მინისტრის ინიციატივას - ამასთან, ორმხრივ ბიზნეს პალატებს ბევრი რეალური გამოსავალი და წინადადება აქვთ და მივაწვდით მთავრობას. გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას სამთავრობო კომისია პრემიერის და ბიზნეს და სავაჭრო პალატების მონაწილეობით,“ - აცხადებს იციკ მოშე.
შეგახსენებთ, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათამ თურნავამ განაცხადა, რომ ახალი პროგრამა, რომელიც დაემატება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი იქნება.
ახალი პროგრამის განხორციელება მთავრობამ დღეს დაანონსა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი დაემატება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი იქნება.
„უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - 1 მლნ ლარის გრანტი. მიზანი იქნება ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება-გადამზადება, რადგან უცხოელი ინვესტორები კვალიფიციური კადრების არარსებობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ", - განაცხადა ნათი თურნავამ.
პროგრამა განხორციელდება კონკრეტულ მიმართულებებზე - ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და ა.შ.