ეკონომიკა
23/12/2020

ინფლაცია და რისკები პანდემიის ფონზე - რას პროგნოზირებს სებ-ი

ეროვნული ბანკის ალტერნატიული სცენარის მიხედვით, 2021 წელს საბაზისო სცენართან შედარებით, ინფლაცია 2%-ით გაიზრდება. კობა გვენეტაძის განცხადებით, ალტერნატიული სცენარის შემუშავების მიზეზი კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული არასტაბილურური ეკონომიკური გარემო და მოლოდინებია. მათი კიდევ უფრო გაუარესების შესაძლო მიზეზად გვენეტაძე ვაქცინაციის პროცესის შემდგომ განვითარებას ასახელებს.

„ალტერნატიული სცენარი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის უფრო მწვავე და ხანგრძლივ შემთხვევას გულისხმობს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესის გახანგრძლივება და/ან ვირუსის შიშის გამო საერთაშორისო მოგზაურობისგან თავშეკავება გახდეს. ამ მხრივ საყურადღებოა რამდენიმე ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის გამოჩენა, რომელიც არსებულ ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ამ სცენარის მიხედვით, ვაქცინის ხელმისაწვდომობის შეფერხება ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვას გაახანგრძლივებს და გლობალურად ტურიზმი კიდევ უფრო მეტად დაზარალდება, ვიდრე ეს დღეს არის. ეს საქართველოში ეკონომიკურ კრიზისსაც დაამჩნევს კვალს.

ეკონომიკის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით გაიზრდება, მიუხედევად იმისა, რომ საგარეო შოკის გაღრმავება მთლიან მოთხოვნას უფრო მეტად ასუსტებს და ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს. ამავე დროს, ის მიმდინარე ანგარიშის ბალანსსაც აუარესებს. ეს ყველაფერი კი ქვეყნის ეროვნული ვალუტისა და სუვერენული რისკების პრემიებს ზრდის. შედეგად, მწარმოებლებს უცხოური ვალუტით აღებული ვალის ტვირთი ეზრდება. ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო შუალედური ხარჯების ზრდა იმპორტირებული ინფლაციის მომატებასთან ერთად მოთხოვნის დეზინფლაციურ ეფექტს გადაწონის და საბოლოო ჯამში ინფლაცია, საბაზო სცენართან შედარებით, საშუალოდ, 2%-ით უფრო მაღალი იქნება. ამის საპასუხოდ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლთან დასაახლოვებლად მონეტარული პოლიტიკა, საბაზო პროგნოზთან შედარებით, უფრო მეტად გამკაცრდება. ინფლაციის შემცირების შემდგომ კი მონეტარული პოლიტიკა საშუალო ვადიან პერიოდში კვლავ შერბილდება. საბოლოოდ, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილე, ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუდმივად ცვალებად გარემოში დიდია მოულოდნელი ფაქტორების ალბათობა. შესაბამისად, ინფლაციის პროგნოზი რისკებს შეიცავს როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეო კომიტეტში მომავალი 3 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პროექტის წარდგენისას.

.