IMF რუსეთ-უკრაინის ომზე: ჩვენდა გასაკვირად, რეგიონში შოკი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ვვარაუდობდით
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, მათ შორის რეგიონისთვის, მომდევნო თვეში განაახლებს.
IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის განმარტებით, იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინისა და კოვიდ პანდემიის მორიგი ტალღების გამო საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობაა, წინასწარი პროგნოზების გაკეთება საფრთხილოა.
"ეს წელი გამონაკლისი იყო მთელ მსოფლიშო, რადგან იყო ვარაუდი, რომ 2021 წლიდან 2022 წლამდე ეკონომიკის აღდგენა დაჩქარდებოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა მთელი ეს დინამიკა შეცვალა. ამ ყველაფერთან ძალიან სწრაფად მოგვიწია ადაპტაცია. მეორე, გლობალურად არსებული გაურკვევლობა ძალიან მაღალია და ამ გაურკვევლობის პირველი შემადგენელი ელემენტი ინფლაციის დონეა. ინფლაციის ზრდამ მონეტარული პოლიტიკის ლოკალიზაცია დააჩქარა. ამას კი აუცილებლად ექნება გავლენა ზრდად ეკონომიკებზე. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც კოვიდ პანდემიის განახლებულ ტალღას უკავშირდება. განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორი გავლენა აქვს ამ ტალღას ჩინეთზე. 2022 წელს ჩინეთზე ასეთი გავლენა გლობალური ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. გაურკვევლობაა ენერგიის მიწოდების თვალსაზრისითაც - გასათვალისწინებელია ნავთობისა და გაზის მიწოდების თემაც, რამაც ზეწოლა მოახდინა ნავთობის ფასების ზრდაზე. ამ საკითხების გათვალისწინება ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გადახედვისას ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, IMF საკუთარ პროგნოზებს მომდევნო თვეში განაახლებს",- განმარტავს აზური.
მისივე თქმით, რეგიონში IMF რუსეთ-უკრაინის ომის გამო ეკონომიკური მაჩვენებლების მეტ გაუარესებას ელოდა, თუმცა შოკი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ფონდი ვარაუდობდა.
"რეგიონს რომ დავუბრუნდეთ, რუსეთთან ქვეყნების სიახლოვის გამო, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა იქნებოდა ძლიერი იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონის ქვეყნებს რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, მიწოდებისა და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით. ჩვენდა გასაკვირად, შოკი იმაზე სუსტი იყო, ვიდრე ვვარაუდობდით. სწორედ ასეთი გაურკვევლობების გამო მეტი სიფრთხულე გვჭირდება.
საქართველოს შემთხვევაში, ისევ და ისევ, პრევენციული Stand by Arrangement - ის არსებობა სწორი გადაწყვეტილებების დადასტურებაა. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გაწვდით დაზღვევას. ის გაძლევთ საშუალებას განახორციელოთ რეფორმების გარკვეული რაოდენობა, რომელიც დაიცავს თქვენს ეკონომიკას და უზრუნველყოფს მის შოკებისგან გამოჯანმრთელებას. ასე განვსაზღვრავთ ჩვენ, როგორც ფონდი საქართველოსთან ურთიერთობას, გვსურს შევინარჩუნოთ ეკონომიკური სტაბილურობა და ინფლაციის დაბალი დონე, რადგან როდესაც ინფლაცია უკონტროლოა, ის გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა სექტორზე.ასევე, ფისკალური მაჩვენებლები უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, რადგან ის მნიშვნელოვანი პარამეტრია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავ მიმზიდველია და ის იზიდავს კიდეც ინვესტორებს",- განაცხადა აზურმა.