IMF-მა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,7%-ული პუნქტით შეუმცირა
რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი და საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყანას 2021 წლისთვის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეუმცირა.
ახალი პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა 5%-ის ნაცვლად 4,3%-ით გაიზრდება. "ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები ახლავს", - ნათქვამია სსფ-ს რელიზში.
იქვე მითითებულია, რომ მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის (WEO) ოქტომბრის ანგარიშში გაჟღერებული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (5%) გადახედვა გამოწვეულია იმ გაურკვევლობით, რაც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტთან და საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან.
"ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. საშუალო ვადაში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უცვლელია და 5¼%-ს შეადგენს. ზრდას ხელს
შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, პროდუქტიულობას გაზრდის და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით საშუალოვადიან პერიოდში რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ტურიზმის შოკი დიდხანს გასტანს და 2019 წლის დონეს ტურიზმის შემოსავლები მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი 2025 წლისთვის მშპ-ს 5.5%-ია, რაც ძირითადად უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით დაფინანსდება. დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში დამატებითი ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება მის ხელთ არსებულ პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს", - ნათქვამია IMF-ის რელიზში.