ეკონომიკა
18/07/2022

IMF: 2022 წელს ეკონომიკური აღდგენა იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ვპროგნოზირებდით

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გაურკვევლობისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, რეგიონში 2022 წელს მნიშვნელოვან ეკონომიკურ აღდგენას პროგნოზირებს.

IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის განმარტებით, კოვიდ პანდემიის შემდეგ რიცხვები უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა რეგიონში მიმდინარე საომარი ვითარება. 

"ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური ეკონომიკა ცდილობს არსებულ შოკებთან გამკლავებას და ეგუება არსებულ ვითარებას. 2020 წელს კოვიდ პანდემიამ არაერთი გამოწვევა შექმნა, ამას კი რუსეთ-უკრაინას შორის ომი მოჰყვა. ეს ყველაფერი ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე აისახა, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესებით საქართველოს ეკონომიკას, 2021 წელს კოვიდ პანდემიის პირველი ტალღის ჩავლის შემდეგ, სწრაფად აღდგენის საშუალება ჰქონდა. 2022 წელიც პერსპექტიული იყო და შემდეგ უკრაინის ომმა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე მკვეთრად იმოქმედა. ამის მიზეზები კრიზისის გლობალური გავლენა და რეგიონის ქვეყნების რუსეთთან ძლიერი კავშირები იყო.

ცხადია, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში მიიღო გარკვეული ზომები მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად, ხოლო საარსებო წყაროების დასაცავად და ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად გარკვეული ფისკალური და ფინანსური პოლიტიკა გაატარა. რა თქმა უნდა, არსებული გაურკვევლობა დიდია, თუმცა რეგიონები და ინდიკატორები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელს აღდგენა იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე 2022 წლისთვის ჩვენი პროგნოზი იყო",- განმარტა აზურმა. 

ცნობისთვის, ეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმების დაჩქარება - ეს საკითხები იყო მთავარი სამსაჯელო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორსა და მთავრობას შორის გამართული შეხვედრების მთავარი სამსაჯელო თემა. ფონდში განმარტავენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა, თუმცა ამ დროისთვის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რაც შესაძლოა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვის და 2022 წლის ბოლოსთვის მისი მატების საფუძველი გახდეს. ჯიჰად აზური ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მისი განმარტებით, საქართველოსა და ფონდს შორის გაფორმებულ პროგრამას სამი ძირითადი მიზანი აქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური ტრანსფორმაციის დაჩქარება და სოციალური დაცვის მიმართულების გაფართოება.