გლობალური ეკონომიკური გამოწვევა და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის 2021 წლის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს.
დისკუსიის დროს მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოშემ მსოფლიო ბანკის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" 2021 წლის ივნისის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები და პერსპექტივებია გაანალიზებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკა აღდგენის პროცესშია და 2021 წელს მისი 5.6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში რეცესიის შემდგომი ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია. თუმცა, აღდგენა არათანაბარია: პანდემიით გამოწვეული იმ დანაკარგების ანაზღაურება, რომლებიც წარმოებას, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს და საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება, 2022 წლისთვის მოსალოდნელი არ არის. აღდგენის პროცესის გაძლიერებას პანდემიაზე ეფექტური კონტროლი დასჭირდება. ეს პროცესი ფასების სტაბილურობის და ფისკალური მდგრადობის მუდმივ დაცვასა და მხარდაჭერას საჭიროებს და მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებას მოითხოვს.
გლობალური ეკონომიკის აღდგენას თან ინფლაციის შემოტრიალება ახლდა. მსოფლიო ბანკის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" 2021 წლის ივნისის ანგარიში იკვლევს, არის თუ არა გლობალურად მზარდი ინფლაციური ზეწოლა განგაშის საფუძველი.
ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინფლაციური ტრაექტორიის გათვალისწინებით, ეს საკითხი საქართველოსთვის აქტუალურია. ანგარიშში აღნიშნულია:
"2020 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ, ეკონომიკური აქტივობების აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, წლის დარჩენილ ნაწილში გლობალური ინფლაცია კვლავ გაიზარდოს; იმ ქვეყნების უმრავლესობაში კი, რომლებიც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს იყენებენ, ის მიზნობრივ ფარგლებში დარჩება."
"2021 წლის მაისის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები წინა წელთან შედარებით 37%-ით იყო გაზრდილი, რაც 2011 წლის შემდეგ ფასების ყველაზე სწრაფი ზრდაა".
"განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფასებზე ზეწოლამ შეიძლება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად გაზარდოს. ასეთ დროს, თუ ეს ზეწოლა დროებითია და ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, მონეტარული პოლიტიკის რეაგირების აუცილებლობა არ დგას.
"განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინფლაციის მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნება ნაწილობრივ უფრო მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ასახვაა, რაც მოიცავს, ინფლაციის თარგეთირებას, ფისკალურ დისციპლინას და გაცვლითი კურსის მეტ მოქნილობას.
პრეზენტაციების შემდეგ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა უპასუხეს.