გიორგი ხიშტოვანი: ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა ცუდ სიგნალებს იძლევა
ეკონომისტები 2021 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის ვარდნას ელოდნენ, თუმცა არა 11.5%-იანს. ეს მაჩვენებელი ექსპერტებს გასულ წელს, კორონა ვირსის პანდემიის დასაწყისს ახსენებს, როდესაც ეკონომიკური ვარდნა 16%-საც კი გაუტოლდა.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის სწორი პოლიტიკის გატარების მანიშნებელი უნდა იყოს.
„2020-ის იანვარი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვე იყო. გამოირჩეოდა სამუშაო ბაზარზე დასაქმების ზრდით, ზამთრის ტურიზმის სექტორის განსაკუთრებული წარმატებით. ამის მიუხედავად, 2021 წლის იანვარში ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა საკმაოდ დამამწუხრებელი და არასასიამოვნოა. ის ცუდ სიგნალებს იძლევა. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ თებერვალშიც მაღალი ეკონომიკური ვარდნა გვექნება. ორნიშნა მაჩვენებელი გვახსენებს პანდემიის საწყის პერიოდს. უშუალოდ აპრილი-მაისის თვეებს, სადაც მსგავსი სიტუაცია იყო. ეს კიდევ ერთხელ სიგნალია ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან არაპროგნოზირებადია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის გატარება იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დეპრესიული ეკონომიკის გარემოში, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის რაღაც ახალ ეტაპზე გადავალთ. მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა“,- აცხადებს ხიშტოვანი.
ის ეკონომიკური ვარდნის გამომწვევ ძირითად მიზეზებსაც განმარტავს.
„ზამთრის ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა. ამან დაარტყა იმ ეკონომიკურ სექტორებს, რომელიც წინა წელს ძალიან აქტიური იყო. მეორე, გამოვყოფდი მშენებლობასა და უძრავი ქონებით ვაჭრობას. როგორც ვიცით, სუბსიდირების პროგრამის მეშვეობით, იმ აქტივობებმა, რომელიც ამ სექტორში უნდა განხორციელებულიყო დროის საშუალოვადიან პერიოდში თავი მოიყარა 2020-ის ბოლოს და შესაბამისად აშკარად სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს. უძრავი ქონების ბაზარზე და მშენებლობის სექტორში აქტივობები ძალიან შენელებულია, რაც თავისთავად აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო სურათზე. მშენებლობასა და უძრავი ქონებით ვაჭრობას მშპ-ს ძალიან დიდი წილი უკავია. შესაბამისად, იქ ჩავარდნა მთლიანი მშპ-ს მაჩვენებლის მკვეთრ გაუარესებას ნიშნავს“,- განმარტავს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.