ეკონომიკა
31/05/2021

გიორგი ხიშტოვანი: ეკონომიკის 44.8%-იანი ზრდა შთამბეჭდავია, თუმცა ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ

2021 წლის აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკის 44.8%-იანი ზრდა ანალიტიკოსებისთვის შთამბეჭდავია. თუმცა, ისინი არსებულ რისკებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი სახელმწიფოსთვის ეიფორიის საფუძველი არ უნდა იყოს.

როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეკონომიკის დაჩქარებული ზრდის ფონზე დიდია ინფლაციური წნეხის რისკი.

„შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასულ წელს ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად დიდი მოლოდინები ამან არ უნდა გაგვიჩინოს. მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ეკონომიკა აპრილში თითქმის 16.5%-ით შემცირდა. ანუ, ახლა 2019 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით შთამბეჭდავი შედეგი მივიღეთ.

მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ეკონომიკაში მოლოდინები პოზიტიურია. ეს აისახება იმაში, რომ ბიზნესი უფრო გააქტიურდა, მოქალაქეების ხარჯვითი ქცევა კი დამაკმაყოფილებელია. უბრალოდ, აქ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. დაჩქარებული ეკონომიკური აქტივობის დროს, მით უმეტეს, საკმაოდ შეჩერებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფლაციური წნეხის სერიოზული რისკი არსებობს. ისედაც ვიცით, რომ წინა თვის ინფლაციის მაჩვენებელი 7%-ს სცილდება. შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური ზრდის პირობებში კიდევ უფრო ყურადღებით უნდა იყოს სახელმწიფო, უშუალოდ ეროვნული ბანკი. სერიოზული კრიზისის ფონზე ჩვენი ტიპის ეკონომიკისთვის ინფლაციის კიდევ უფრო დაჩქარება, ან გაზრდა ქვეყნისთვის სოციალურად ძალიან მძიმე იქნება“,- განაცხადა ხიშტოვანმა.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შეიძლება, მაღალი ინფლაცია მოსახლეობისთვის უფრო დიდი წნეხი აღმოჩნდეს, ვიდრე ეკონომიკის სწრაფი ზრდისგან მიღებული სარგებელი.

„ყურადღებით უნდა ვაწარმოოთ სტატისტიკა. ფასების პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს. ერთი მხრივ, ვიცით, რომ ეკონომიკურ აღდგენას ძალიან ბევრ ქვეყანაში თან ახლავს ინფლაცია და რაც საქართველოში ხდება, არ არის უცნაური მოვლენა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის უშუალო გავლენას მოსახლეობის კეთილდღეობაზე - ასევე ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს შეიძლება მაღალი ინფლაცია უფრო მძიმე ტვირთი იყოს მოსახლეობისთვის და უშუალოდ იგრძნობოდეს მისი უარყოფითი ეფექტები, ვიდრე მაღალი ეკონომიკური ზრდისგან გამოწვეული ეფექტები. ამიტომ მნიშვნელოვანია, ზრდა იყოს ინკლუზიური. ამის უზრუნველყოფა კი შეიძლება ინფლაციის შენარჩუნეით მინიმუმ იმ მაჩვენებელზე, რაც მოსახლეობას დიდ ტვირთად არ დააწვება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი აუხდენელი ოცნების კატეგორიაში გადავიდა“,- აღნიშნა გოგა ხიშტოვანმა.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა შემდეგ თვეებშიც ასეთი მაღალი იქნება. ამიტომ ხიშტოვანი სახელმწიფოს ურჩევს, ყურადღება იმ რისკებზე გაამახვილოს, რომელიც მშპ-ს მატებას ახლავს თან.

„ეს უტოპიაა. ჩვენ კორონავირუსის კრიზისმა გვაჩვენა, რომ თვიდან თვემდე ვითარება იცვლება. ახლა ყველაზე დიდი რისკია, თუ ჩავთვლით, რომ ყველაფერი დასრულდა, ეკონომიკა დაჩქარებული ტემპით უბრუნდება იმ ტრაექტორიას, რაც აღებული ჰქონდა 2019 წელს და ყველაფერი არის ძალიან კარგად. ბევრი გამოწვევაა, ვაქცინაცია კი უმნიშვნელოვანესი. მთელ მსოფლიოში პანდემია დაძლეულად ჩაითვლება, თუ ზრდასრული მოსახლეობის 60% იქნება აცრილი. ამ ეტაპზე კი ჩვენ არც ვოცნებობთ ამაზე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული შემდეგი ტალღები, რაც თავისთავავად გამოიწვევს შემდეგ შეზღუდვებს. ამიტომ, ეიფორიის საფუძველი აპრილის შედეგები ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით, რა ხდებოდა წინა წლის აპრილში და რა ხდება დღეს, როდესაც საუბარია ინფლაციის მაჩვენებლებზე. წინ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს და ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. პირიქით, უნდა მივაქციოთ ყურადღება მედლის მეორე მხარესა და რისკებს, რაც თან ახლავს ასეთ ეკონომიკურ ზრდას“,- განმარტა გოგა ხიშტოვანმა.