ეკონომიკა
13/06/2022

გიორგი კაკაურიძე: შესაძლოა, წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მივიღოთ

მთავრობა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არ ცვლის და ისევ 6%-ზე ტოვებს. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდაც ჰქონდეს ქვეყანას, რაც დამოკიდებულია ტურიზმის აღდგენაზე. 

აქვე, გიორგი კაკაურიძის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა, საქართველოში 2022 წელს 7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდაც დაფიქსირებულიყო. 

"ჩვენ წელს 6%-იანი ეკნომიკური ზრდა გვქონდა დაგეგმილი. ამ პროგნოზის შემდეგ, რეგიონში და მსოფლიოში ეკონომიკური ვითარება შეიცვალა. ეს იყო რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის შემდეგ. პროგნოზები მნიშვნელოვნად გადაიხედა. მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის 1%-ით ნაკლები ზრდა დაგეგმეს, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. შესაბამისად, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა საქართველოს პროგნოზებზეც. როდესაც აპრილში სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი გამოქვეყნდა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყო 3.2%. თუმცა გაურკვევლობა, რისკები ბევრი იყო. ჩვენ არ შეგვიცვლია მაშინ პროგნოზები, ვმსჯელობდით სავალუტო ფონდთან, დღეს უკვე როდესაც 20213-2016 წლების განახლებული პროგნოზებია წარმოდგენილი, ის დაფუძნებულია დაშვებაზე, რომ წელს ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებული იქნება 6%-ის ოდენობით. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს პირველი კვარტლის პარამეტრები. რაც პროგნოზირებული იყო, ფაქტიური აღმოჩნდა იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ეს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში იქნებოდა. პირველ კვარტალში, 10%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, მივიღეთ 14%-ზე მაღალი, რამაც განახლებული პროგნოზის გაკეთების საშუალება მოგვცა. 

ომის გავლენა რომ არ ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკაზე, წელს 7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა. თუმცა, ჩვენი პროგნოზი რჩება 6%-ის ოდენობით. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ზაფხულის სეზონზე, როგორ მოხდება ტურიზმის აღდგენა, შესაძლებელია 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდაც მივიღოთ. თუმცა, არსებობს რისკები, კერძოდ ომის შედეგად ეკონომიკური მდგომარეობა უფრო გართულდეს, რაც ამავდროულად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

მისი თქმით, მთავრობას სამი სცენარი აქვს წარმოდგენილი. პირველი, საბაზო სცენარში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. მეორე სცენარი ოპტიმისტურია და 7%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი. მესამე, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა 4%-მდეც შემცირდეს, თუმცა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს ნიშნავს კიდევ უფრო ძალიან გართულებულ მდგომარეობას და მთელს რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკის კიდევ უფრო ნაკლებად ზრდას. 

რაც შეეხება მომდევნო წლებს, 2023 წლისთვის 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, შემდეგ წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება 5.2%", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. 

Businesspartner