FDI-ს კლება და ლარის გაუფასურება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია - ლევან ვეფხვაძე
საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორისთვის პირდაპირი უცხოური ინვეტიციების მესამე კვარტლის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, FDI-ს არსებული მოცულობა თითქმის მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე გვაქვს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ვაფხვაძე გლობალურ პანდემიას ასახელებს, თუმცა, აქვე მკაფიოდ აღნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო წლების განმავლობაში ისედაც კლების ტენდენციით გამოირჩევა.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზე ახლა გავლენას გლობალური პანდემია ახდენს. ფაქტია, როდესაც ასეთი გაურკვევლობაა, ინვესტორები არა მარტო საქართველოში, არამედ, გლობალურად არიან გაჩერებულები და ურჩევნიათ ნაღდი ფული მათთან დარჩეს, კრიზისის დროს ეს ურჩევნიათ, ვიდრე რაღაც ტიპის აქტივი. ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე აქტივობა არ არის.ზოგადად, 2017 წლის შემდეგ ჩვენ FDI-ის კლება გვაქვს. თუ ბოლო 2-3 წელია რაღაც არის შენარჩუნებული, ძირითადად რეინვესტირების ხარჯზეა. ესტონურ მოდელზე გადასვლამ გარკვეულწილად წაახალისა რეინვესტირება. ეს რომ გამოვრიცხოთ, კლება კატასტროფულია“,- ამბობს ვეფხვაძე.
BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ FDI-ს კლება და ლარის გაუფასურება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.
„ზოგადად, უცხოური ინვესტიციებისა და ლარის კურსის ვარდნის დინამიკას რომ შეხედოთ, ძალიან თანმხვედრია. თითქმის ერთია. კამათი შეიძლება წავიდეს იმაზე, თუ რომელი რისი წინაპირობაა, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი დინამიკაში ერთმანეთს მიჰყვება. თუ ლარის კურსის გამო დაეცა FDI მაშინ ლარის კურსს უნდა მივხედოთ, თუ პირიქით ხდება, მაშინ FDI-ს უნდა მივხედოთ“,- ამბობს BAG-ის დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის III კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის III კვარტალში 66.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით.
2020 წლის III კვარტალში შემცირება ძირითადად მოდის სასტუმროების და რესტორნების (28 მლნ. აშშ დოლარით), ტრანსპორტის (21 მლნ. აშშ დოლარით) და უძრავი ქონების (16 მლნ. აშშ დოლარით) სექტორებზე.