ეკონომიკა
10/12/2020

“ FDI-ს ასეთი კლება ქვეყანაში არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“ - ალექსანდრე რატიშვილი

გადასახადის გადამხდელთა კავშირი ლარის კურსის გაუფასურებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას უკავშირებს. გაერთიანების პრეზიდენტი, ალექსანდრე რატიშვილი FDI-ს ასეთ კლებას ქვეყანაში არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას უკავშირებს.

„ძალიან არასახარბიელო სურათი გვაქვს. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირების ეს ტენდენცია ახალი არ არის. დიდი ხანია ჩანს. ეს არის პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში წლების განმავლობაში გატარებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ამას თან დაერთო კოვიდიც, რომელიც არა თუ საქართველოს მსგავსი სუსტი ეკონომიკის, არამედ, უძლიერესი ეკონომიკისთვისაც ინვესტიციების თვალსაზრისით უზარმაზარი პრობლემების შემქმნელი აღმოჩნდა.

დიდი ზრდაა საფინანსო სექტორში. დანარჩენ ყველა რეალურ სექტორში, ენერგეტიკაში, უძრავ ქონებაში, მშენებლობაში, ტრანსპორტში, ყველგან მნიშვნელოვანი შემცირებაა. ეს ჩვენი ვალუტის კურსის დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კიდევ იმის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა ვერაფრით ხერხდება“,- აღნიშნვს „ბიზნესპარტნიორთან“ რატიშვილი.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი  სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვლებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები პოტენციური ინვესტორების მთავარი დამაბრკოლებელია. „არანაირი ინვესტიცია არ შემოვა ქვეყანაში, არც ერთი თავისი თავის პატივისმცემელი და პასუხისმგებლიანი ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში, თუ არ იქნება სტაბილური, სამართლიანი და კანონზე დაფუძნებული სასამართლო სისტემა.

დღეს საქართველოში ეს არ გვაქვს. ეს არის თავი და თავი იმის, რომ გვაქვს საინვესტიციო შიმშილი“,- მიიჩნევს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზდენტი. 

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის III კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის III კვარტალში 66.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით.

2020 წლის III კვარტალში შემცირება ძირითადად მოდის სასტუმროების და რესტორნების (28 მლნ. აშშ დოლარით), ტრანსპორტის (21 მლნ. აშშ დოლარით) და უძრავი ქონების (16 მლნ. აშშ დოლარით) სექტორებზე.