ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივა და რისკები - Fitch-ის პროგნოზი
სარეიტინგო კომპანია Fitch-ი საქართველოში 2020 წელს ეკონომიკის 4,8%-იან ვარდნას ელის, თუმცა 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებას და 4,5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
სარეიტინგო სააგენტო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრების დაკეტვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე, რომელზეც მშპ-ის 11.6% მოდის.
სააგენტო ტურიზმის ეტაპობრივ გაჯანსაღებას 2021 წლიდან ელის, თუმცა მიიჩნევს, რომ 2019 წლის დონეს 2022 წლისთვის დაუბრუნდება. ტურიზმის სექტორი რეგიონული ეკონომიკური განვითარებისთვის კვლავინდებურად ყველაზე მგრძნობიარე დარგია, მით უმეტეს, რომ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ტურისტების მნიშვნელოვანი წყაროა.
Fitch-ი ეკონომიკური გაუმჯობესების ნიშნებსაც ხედავს. სააგენტოს ანალიზში მითითებულია, რომ ვირუსის შემაკავებელი და პრევენციული ღონისძიებების შემსუბუქებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გაჯანსაღებას: ივნისში ეკონომიკური ვარდნის პროცესი შენელდა და წლიური ვარდნა 7.7%-ით განისაზღვრა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა თვეებთან შედარებით.
2020 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა მთლიანობაში 5.8%-ით შემცირდა. Fitch-ის შეფასებით, მეორე ნახევარში მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის გაჯანსაღება, რაც მნიშვნელოვნად განპირობებული იქნება სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდით.
სააგენტო ასევე მიათითებს ეროვნული ბანკის პოლიტიკის შერბილებაზე ინფლაციური ზეწოლის საპასუხოდ. აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 აგვისტოს ზედიზედ უკვე მესამედ შემცირდა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-ია. ამავდროულად სააგენტო ინფლაციის შემცირებას წლის მეორე ნახევარში ელის.
Fitch-ი დადებითად აფასებს სებ-ის გადაწყვეტილებას სავალუტო ბაზარზე აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით გაცვლითი კურსის დასაბალანსებლად.
სააგენტო გარკვეულ პოლიტიკურ გაურკვევლობას ხედავს ოქტომბრის არჩევნებიდან გამომდინარე. თუმცა დასძენს, რომ არ ელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.
ასევე აღნიშნავს, რომ მაღალია გეოპოლიტიკური რისკები რუსეთთან მყიფე ურთიერთობიდან გამომდინარე, რამაც Fitch-ის შეფასებით შესაძლოა გავლენა მოახდინოს საშინაო პოლიტიკაზე, სავალუტო ბაზარსა და ეკონომიკაზე.
შეგახსენებთ, რომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად, BB დონეზე, ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.
ეკონომიკის სამინისტროში ეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიაჩნიათ, რამდენადაც აპრილში სააგენტმ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, Fitch-მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა, ხოლო კანადის სუვერენული რეიტინგი AAA დან AA+ მდე შეამცირა.