ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები - რას გულისხმობს გენდერული თანასწორობის კონცეფციის პროექტი
პარლამენტის წევრებმა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტი მოამზადეს, რომლის ერთ-ერთი ნაწილია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები და მათი დაცვა.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება:
მიუხედავად მაღალი საგანმანათლებლო მიღწევებისა, ქალებს ეკონომიკურ რესურსებზე კაცებთან შედარებით უფრო ნაკლებად მიუწვდებათ ხელი; ქალების სეგრეგაცია ხდება უფრო დაბალშემოსავლიან პროფესიებში. მაგ. ჯანდაცვის და განათლების სფეროში ქალთა ¼ არის დასაქმებული, მაშინ როდესაც კაცების შემთხვევაში ეს ციფრი 4%-ია; გენდერული სახელფასო განსხვავება წარმოადგენს 16%-ს; ბიზნესის სფეროში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე ქალების რაოდენობა მხოლოდ 16%-ია; COVID-19-მა არსებული გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა, მათ შორის ქალების საშინაო შრომის ტვირთის გაზრდისა და სუსტი შრომითი უფლებების გარანტიების გამო.
როგორც გენდერული თანასწორობის კონცეფციის პროექტში წერია, სახელმწიფო აღიარებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმოს ეკონომიკური აქტიურობის, დასაქმებისა და უმუშევრობის მონაცემთა გენდერულ ანალიზს; შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვროს კონკრეტული მოკლევადიანი სამიზნეები ამ ანალიზით გამოკვეთილი უთანასწორობის აღმოფხვრისა და ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
სახელმწიფო რესურსებზე წვდომის უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ზომებს გენდერული, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიუჯეტის განვითარებაზე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.
სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული იქნება არსებითი გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეკონომიკურ სფეროში, რაც გულისხმობს, აგრეთვე, სპეციალური ზომების გატარებას ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის გაზრდის მიზნით, მათ შორის ფინანსურს რესურსებზე, მემკვიდრეობის, ქონების რეგისტრაციისა და ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში მხარდაჭერას.
გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით, ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურების და შემოსავლის სხვაობა უნდა შემცირდეს და საბოლოოდ აღმოიფხვრას.
პროექტის თანახმად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები შემდეგი მიმართულებებით: ქალებისთვის შრომით ბაზარზე არსებული უხილავი ბარიერების აღმოფხვრა; დასაქმებისა და პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; წინასახელშეკრულებო პერიოდში, სამუშაო ადგილზე და სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისას თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა; სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია და აღმოფხვრა და ქალთა აუნაზღაურებელი საშინაო შრომის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის წარმოება.
როგორც ქალაქში, ისე სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს შესაბამისი ზომები ბავშვზე, მათ შორის ჩვილ ბავშვებზე, ზრუნვის ძირითადი სერვისების შექმნისა და არსებულ სერვისებზე (მათ შორის ბაღებზე) ხელმისაწვდომობისა და მათი სათანადო ხარისხის უზრუნველსაყოფად.
დედობის, მამობის და მშობლის შვებულებასთან მიმართებით სახელმწიფოს კანონმდებლობა და პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს გენდერული თანასწორობის პრინციპის, შრომისა და ოჯახური ცხოვრების უფლების სათანადო რეალიზებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნებს.
კონცეფციის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, თამარ ტალიაშვილი, გიორგი ხელაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, ნატო ჩხეიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია, ხათუნა კვიციანი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მგალობლიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გოგი მეშველიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, დავით კაჭარავა, არჩილ თალაკვაძე, ზაზა ლომინაძე, ქეთევან დუმბაძე.