ეკონომიკის ჩაკეტვის ეფექტი და შოკი - სსფ საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ვარდნას ელის
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოში ეკონომიკის 5%-იან ვარდნას ელის, ასეთია ფონდის მეშვიდე მიმოხილვის შემდეგ დასრულებული პროგნოზი და რაც 1
პროცენტული პუნქტით მეტია მეექვსე მიმოხილვის დროინდელ პროგნოზთან შედარებით.
ფონდი აცხადებს, რომ COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე და ვარდნის მაჩვენებელის ზრდა გამოწვეულია ეკონომიკის ჩაკეტვის უფრო უარყოფითი ეფექტით და გახანგრძლივებული შოკით.
2020 წლის ბოლოს ინფლაცია 3.5%ზე არის პროგნოზირებული, რამდენადაც ეკონომიკის ჩაკეტვის განმავლობაში არსებული მაღალი საკვების ფასები მთლიანად დააკომპენსირა ინფლაციის კლებამ ეკონომიკის გახსნის შემდეგ. საგარეო პოზიცია გაუარესებულია, რადგან ტურიზმიდან შემოსავლები, ფაქტობრივად, გაქრა.
"მოსალოდნელია, რომ 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 9.7%-მდე გაღრმავდება, მაშინ როცა 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 5.1% იყო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მაღალმა გზავნილებმა და შედარებით დაბალმა იმპორტმა შეამცირა საქართველოს საგარეო ფინანსების საჭიროება, ხოლო მთლიანი საგარეო რეზერვები კვლავაც კომფორტულ დონეზე ნარჩუნდება, რაც სსფ-ს მიერ პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდისა და დონორების დაფინანსების შედეგია. დაბალი საგადასახადო შემოსავლებისა და შოკის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გათვალისწინებული ფისკალური დახმარებების შედეგად მოსალოდნელია ფისკალური დეფიციტის ზრდა. წინასწარი მონაცემები ივნისში შიდა მოთხოვნის აღდგენის დაწყებას მიანიშნებს. კერძო სექტორის დაკრედიტების ტემპი მაღალი დარჩა, რაც ნაწილობრივ მთავრობის მიერ ლარით გაცემული იპოთეკური სესხების სუბსიდირებამაც წაახალისა. სუსტმა მოთხოვნამ და
ეკონომიკის გახსნის შემდგომ მიწოდების აღდგენამ ბოლო პერიოდში ინფლაციაზე
დაღმავალი ზეწოლა იქონია", - ნათქვამია რელიზში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით 5 ოქტომბერი 9 ნოემბრის პერიოდში ვირტუალურად იმუშავა. მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის შესასრულებლად.