ექნება თუ არა ლირის გაუფასურებას გავლენა ლარის კურსზე - კობა გვენეტაძის განმარტება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით, ლარის კურსზე გავლენასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ფაქტორი არ უნდა იყოს გათვალისწინებული.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ლირის გაუფასურება სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებამ დააბალანსა.
"სამწუხაროდ, ხშირად ასე ხდება ხოლმე, რომ კონტექსტში არ ხდება საკითხების გაანალიზება, მხოლოდ ერთი მიმართულებით ხდება ანალიზი, რაც ძალიან ცუდია. სხვადასხვა მომენტში შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ფაქტორები, რომელიც ლარის კურსზე შეიძლება ახდენდეს გავლენას. არის სიტუაციები, როდესაც სხვა ფაქტორები აბალანსებს ლარზე ასეთ გავლენას, არის სიტუაციები, როდესაც ვერ აბალანსებს.
თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ლირის გაუფასურება სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება. ყოველთვის ვამბობთ, რომ ლარის ეფექტურ კურსს უნდა ვუყროთ და არა მის კურსს, რომელიმე ერთ-ერთი ვალუტის მიმართ, როგორი დომინანტურიც არ უნდა იყოს ის ვალუტა. ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც არის ლარის საშუალო შეწონილი კურსი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილურია, რადგან სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების გამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება. გარდა ამისა, საგარეო სექტორმა აღდგენა დაიწყო, რა თქმა უნდა შედარებით ნელი ტემპით, თუმცა აღდგენა მაინც დაწყებულია.
მაშინ, როდესაც ვალუტის კურსის მოძრაობას ვაკვირდებით, პირველ რიგში შეუძლებელია მაშინვე ავხსნათ რა მოხდა, გარკვეული პერიოდია გასასვლელი იმისათვის, რომ ეს დავინახოთ. როგორც წესი საგადასახდელო ბალანსი გვიჩვენებს ამას. მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, ვალუტის კურსის პროგნოზირება აბსოლუტურად შეუძლებელია. დღევანდელი გარემოება, რომელმაც გამოიწვია სავალუტო შემოდინებებმა, დადებითი ფაქტორია ლარის კურსისთვის", - აცხადებს კობა გვენეტაძე.