"დღეს მოქმედი წყლის რესურსების მართვის კანონი თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს“
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
საქართველოს მისახლეობის მხოლოდ მესამედია დაერთებული ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაში. პარალელურად, ეკონომიკური სექტორების განვითარების ფონზე, ვითარდება წყალაღების კოეფიციენტი მდინარეებიდან. ასევე, ნავარაუდები მდინარეების ჩამონადენის შემცირება, საფრთხეს შეუქმნის ეკონომიკური სექტორების განვითარებას. პრობლემა მწვავეა, დღეს მოქმედი წყლის რესურსების მართვის კანონი თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს და სწორედ ამიტომ დგას ახალი კანონის საჭიროება,“ - ამის შესახებ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წყლის რესურსების მართვის მრჩეველმა, მარიამ ბახტაძემ "ბიზნესპარტნიორის" პოდკასტში - გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში განაცხადა.
მისივე თქმით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი წყლის რესურსების მართვის კანონპროექტია, რომელიც ქართველი და უცხოელი ექპერტების ჩართულობით შემუშავდა. თუმცა, როგორც მარიამ ბახტაძე განმარტავს, გადმოტანილია მხოლოდ ევროპის წყლის ჩარჩო, მექანიზმებს კი საქართველო ისე შეიმუშავებს, რომ ადგილობრივ კონტექსტს მოერგოს.
"ბიზნესპარტნიიორთან" საუბრისას მარიამ ბახტაძემ ყურადღება წყლის რესურსების მართვის საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი კანონი ამ მიდგომას შეცვლის. კერძოდ, თუ დღეს მოქმედი კანონით წყლის რესურსების მართვა, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიაზე, ცენტრალიზებულად ხდებოდა, რაც ეფექტის მომცემი არ იყო, ახალი კანონი ქვეყნის ტერიტორიას ჰიდრო-გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით, 7 სააუზო ერთეულად დაყოფს. მიზანი უკეთესი წყლის ხარისხის მიღწევაა.
„თითოეული აუზის ტერიტორიაზე უნდა დაიწეროს აუზის მოქმედებათა გეგმა, რომელიც იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელთა განხორციელების შედეგადაც უნდა მივიღოთ უკეთესი წყლის ხარისხი. სააუზო მართვის მიდგომას შემოაქვს მდინარეების აუზების კატეგორიზაცია, ანუ ადგენს სხვადასხვა დაბინძურების დონეს. აღნიშნული გეგმა ყოველ 6 წელიწადში განახლებას ექვემდებარება იმგვარად, რომ ამ ღონისძიებების განხორციელების ერთობლიობით წყლის ხარისხი მინიმუმ ერთი დონით გაუმჯობესდეს,“ - განმარტავს მარიამ ბახტაძე.
რაც შეეხება აღსრულების საკითხს, როგორც მარიამ ბახტაძე აღნიშნავს, დოკუმენტი საკმაოდ ტექნიკური ტიპისაა, რომელსაც ძირითადად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდი იმუშავებს. სწორედ დოკუმენტის მიხედვით მოხდება აუზებში წყლის როოგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი პარამეტრების განსაზღვრა, ზეწოლების იდენტიფიცირება და საბოლოოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი ღონისძიებათა გეგმის შედგენაც. აქვე შემოდის თითოეული აუზისთვის სააუზო მართვის საკოორდინაციო საბჭოების საკითხიც, რომლებიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, წყალმომხმარებლებითა და სხვა დაინტერესებული მხარეებით (ჰესები, მელიორაცია, ტურიზმი და სხვა.) დაკომპლექტდება. სწორედ საბჭოს წევრების მიერ მოწონებული დოკუმენტები წარედგინება შემდგომში მთავრობას დასამტკიცებლად.
მარიამ ბახტაძე შეეხო ინტეგრირებული მიდგომის საკითხსაც (ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ერთობლივი მართვა), რაც ასევე ერთ-ერთი სიახლეა ახალ კანონპროექტში, რამაც უნდა უზრუნველყოს წყლის უკეთესი ხარისხი და ამასთან, პოზიტიური ეფექტი იქონიოს ყველა მომხმარებელზე.
როგორც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წყლის რესურსების მართვის მრჩეველმა აღნიშნა, 2008 წელს ნებართვებისა და მოსაკრებლის გაუქმებამ მუნიციპალიტეტებს შემოსავლის ეს წყარო გაუუქმათ და შეიქმნა წყლის მოხმარების კუთხით სერიოზული პრობლემებიც. გამოწვევების საპასუხოდ, ახალი კანონი ზედაპირულ წყლებზე ლიცენზირებასა და მოსაკრებელს აბრუნებს, რაც მარიამ ბახტაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტების შევსებასა და განვითარებაში დაეხმარება. ამასთან, აღნიშნული კანონი ბიზნესსუბიექტებს სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად გარკვეულ პერიოდს დაუწესებს, რათა მათი მდგომარეობა არ გაუარესდეს.
რაც შეეხება მოსაკრებლის შემოღების ასახვას ჰიდროგენერაციისა და ირიგაციის ტარიფებზე, როგორც მარიამ ბახტაძე განმარტავს, აღნიშნული მოთხოვნა ძალაში 2025 წელს შემოდის. მანამდე კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს კვლევას, რომელიც განსაზღვრავს მოსაკრებლის ოდენობას. მისივე თქმით, სამინისტროში ფიქრობენ, თუ როგორ განსაზღვრონ მოსაკრებლის ოდენობა - აუზების, თუ კონკრეტული სექტორების მიხედვით.
წყლის ნაკლებობის პერიოდში სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცესში, მარიამ ბახტაძის თქმით, განისაზღვრება აუზის მაჩვენებელი, მასში არსებული წყლის რესურსები და იქ არსებული ეკონომიკური საქმიანობები, რაზე დაწყრდნობითაც მოხდება პრიორიტეტიზაციის განსაზღვრა. პირველი პრიორიტეტი სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლით უზრუნველყოფაა.
წყლის მოხმარებასთან დაკავშირებული კონფლიქტების აღმოფხვრის საშუალებად კი მარიამ ბახტაძე პრიორიტეტიზაციისა და ნებართვების ერთობლივ გამოყენებას მიიჩნევს.
მარიამ ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია წყალაღების შემდეგ წყლის ის რაოდენობაც, რაც მდინარეში უნდა დარჩეს იმისთვის, რომ იქ არსებულმა ეკოსისტემამ ფუნქციონირება შეძლოს. მისივე თქმით, ახალ კანონს შემოაქვს ცნება - მოთხოვნა გარემოსდაცვითი ხარჯისა, რაც ასევე უნდა დარეგულირდეს მეორადი კანონმდებლობით, შემუშავდეს შესაბამისი მეთოდოლოგია, რომელიც დაეყრდნობა საერთაშორისო და საუკეთესო გამოცდილებას და სწორედ ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს ამ ხარჯის გაანგარიშება.
რაც შეეხება იმ ჰესებს, რომლებიც უკვე ოპერირებენ, მარიამ ბახტაძის განმარტებით, ახალი ვალდებულება მხოლოდ ახალ ჰიდროგენერაციის ობიექტებზე გავრცელდება, უკვე ოპერირებადი ჰესები კი მოქმედი რეჟიმით გააგრძელებენ მუშაობას.
ბოლო საკითხი, რაზეც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წყლის რესურსების მართვის მრჩეველმა გაამახვილა ყურადღება წყალდიდობების რისკების შეფასების ვალდებულებას უკავშირდება.
„თითოეული აუზის ფარგლებში შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით უნდა მოხდეს წყალდიდობების რისკის ზონების განსაზღვრა და მათი რუკაზე გადატანა. აღნიშნული, ასევე ყოველ 6 წელიწადში ერთხელ გადაიხედება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოხდეს წყალდიდობების და წყალმოვარდნების პრევენცია და იმ რისკების მინიმიზაცია, რაც გვაქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ რუკების მიწოდება მოხდება შესაბამისი უწყებებისათვისაც და სივრცითი დაგეგმვის ღონისძიებებისა თუ მსხვილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების დროს ქვეყანას და შესაბამის უწყებებს ექნებათ ამ რუკებით სარგებლობის საშუალება. შედეგად, მოხდება კატასტროფების პრევენციაც.
როგორც ცნობილია, საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება. ეს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული. რეფორმა არაერთ საკითხს მოიცავს და ის ბიზნესებსა და სახელმწიფოს ახალ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს უწესებს.
რეფორმას მხარს უჭერს USAID-ი (ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში) რომელმაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან (GWP) ამ საკითხზე მემორანდუმი გააფორმა.
წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დამტკიცდება.