ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი სამმა კომპანიამ მოიპოვა
გამარტივებული საბაჟო შესაძლებლობები ბიზნესისთვის - ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ამ დროისთვის სამმა კომპანიამ მოიპოვა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, სტატუსის მფლობელი კომპანიები არიან: „ჰავი ლოჯისტიკსი“, „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და „შარმ ტრეიდინგი“. ასევე, მიმდინარეობს სტატუსის მაძიებელი ოთხი კომპანიის განაცხადის შემოწმება.
კომპანია, რომელიც მიიღებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს, სანდო პარტნიორი ხდება საბაჟოსთვის და მას ნაკლები ტექნიკური და თუ ფიზიკური შემოწმების გავლა მოუწევს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა მსურველმა თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია საბაჟოსთან, მიუხედავად კომპანიის ბრუნვისა და სიდიდისა.
პირი, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღებს სტატუსს და შესაბამისად, ისარგებლებს სხვადასხვა გამარტივებებითა და უპირატესობებით.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს:
- ავტორიზაციას საბაჟო გამარტივებისათვის - მის მფლობელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით (AEOC);
- ავტორიზაციას დაცვისა და უსაფრთხოებისათვის - მის მფლობელს აძლევს უფლებას ისარგებლოს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული შეღავათებით (AEOS).
პირს უფლება აქვს ერთდროულად ფლობდეს ორივე სახის ავტორიზაციას.
სტატუსის მინიჭება ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ.
კრიტერიუმები:
- კანონმდებლობის დარღვევები (საბაჟო, საგადასახადო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი);
- ფინანსური მდგრადობა და გადახდისუნარიანობა (დავალიანება, გაკოტრება და ფინანსური მდგომარეობა);
- აღრიცხვიანობა (მაგ. საბაჟო მიზნებისათვის აღრიცხვა, ლოგისტიკური სისტემები, შიდა კონტროლის სისტემა, კომპიუტერული სისტემების დაცულობა და სხვა);
- პროფესიული კვალიფიკაცია (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში);
- უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტები (AEOS ავტორიზაციის შემთხვევაში) (მაგ. შენობა-ნაგებობებისა და სხვა ადგილების დაცულობა, საქონლის დაცულობა და სხვა).
სტატუსის მფლობელი კომპანიებისთვის პირდაპირი შეღავათებია:
- ნაკლები სიხშირით ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლი;
- საბაჟო სერვისებით უპირატესი სარგებლობის უფლება;
- საზღვარზე უპირატესი გავლა;
- გამარტივებული პროცედურები:
o გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება;
o გაფორმების ადგილზე საქონლის წარუდგენლობა;
o სტატუსის მფლობელისთვის დაშვებული იქნება საბაჟო პროცედურების დასრულებამდე საქონლის შენახვა საკუთარ საწყობში და საბაჟო ფორმალობების განხორციელება მისთვის მოსახერხებელ ადგილას.
არაპირდაპირი შეღავათები კი ასე გამოყურება:
- უსაფრთხო და სანდო პარტნიორად აღიარება;
- გაუმჯობესებული ურთიერთობა საბაჟოსთან;
- ქვეყნებს შორის ორმხრივი აღიარების შემთხვევაში პარტნიორ ქვეყნებში ისარგებლებს იგივე შეღავათებით (მოლაპარაკებები დაწყებულია თურქეთთან და ჩინეთთან);
- ლოგოთი სარგებლობის უფლება;
ორმხირივი ხელშეკრულებების გაფორმების და ქვეყნებს შორის ორმხრივი აღიარების შემთხვევაში სტატუსის მქონე კომპანიბი ისარგებელბენ შესაბამისი შეღავათებით არამხოლოდ ევროკავშირთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. ამჟამად, მიმდიმარეობს მოლაპარაკებები თურქეთთან და ჩინეთთან.