ანა გოგოლაძე: პენსიონრებისთვის 20-25 ლარით მომატებული პენსია, ინფლაციას უკვე "შეჭმული" აქვს
2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 1 იანვრიდან იზრდება პენსიები, სამინისტროების დაფინანსებები და პედაგოგის დანამატები. ამ საკითხზე “თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ დირექტორი ანა გოგოლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
„საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც და ანაზღაურებაც იზრდება, ნაწილი გათვალისწინებულია მასწავლებლებისა და პოლიცილების ხელფასზე, აქედან შტატიანი თანამშრომლებისთვის 60 მლნ-ია გამოყოფილი, თუმცა კვლავ შავ ხვრელად რჩება ბიუჯეტი შტატგარეშე თანამშრომლებისთვის. 360 ადამიანით იზრდება ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, მაშინ როდესაც კერძო სექტორში ასი ათასობით ადამიანი კარგავს სამუშაოს,“–აღნიშნავს ანა გოგოლაძე.
ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით 240 ლარამდე გაიზრდება, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით 275 ლარამდე იზრდება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი, რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.
„პენსიონერების ასაკობრივი სეგრეგაცია, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. სამწუხაროდ ცხოვრება ისევე გაძვირდა 70 წლამდე ადამიანებისთვის, როგორც 70 წელს ზემოთ. განსაკუთრებით უმუშევრობის ზრდის და ინფლაციის პერიოდში, შესაბამისად სამომხმარებლო კალათაში პირველ რიგში, ძვირდება ის პროდუქტი, რასაც მოიხმარენ პენსიონერები. ბუნებრივია კარგია, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით მოიმატებს პენსია, მაგრამ ეს 20–25 ლარი უკვე „შეჭმული“ აქვს ინფლაციას,“– ამბობს თავისუფლებისა და დამოკრატიის ფონდის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1,662 მლრდ ლარით და განისაზღვრება 16,758 მლრდ ლარით. თუმცა ხარჯების მოცულობა გაზრდილია 221.9 მლნ ლარით და 12,778 მლრდ ლარს შეადგენს.