ეკონომიკა
27/10/2023

ამირან შეროზია: საქართველოში, საცალო გაყიდვების მიმართულებით, ელკომერციის წილი 1-2%-ს შეადგენს

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

"საქართველო ელექტრონული კომერციის მაჩვენებლების თვალსაზრისით, ევროპულ და განვითარებულ ქვეყნებს ჩამორჩება და საცალო გაყიდვებში მისი წილი 1-2%-ს შეადგენს,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ თანადამფუძნებელმა და საბჭოს წევრმა, ამირან შეროზიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  ამ სექტორში კონკურენცია მაღალია, თუმცა  გამოწვევებიც მრავლადაა. ასოციაციის მიზანი და ფუნქცია კი ისაა, რომ ქართველ მეწარმეებს  სფეროს განვითარებაში დაეხმარონ.

"საქართველოში წინა პერიოდთან შედარებით, ელექტრონული კომერციის მიმართულებით, საკმაოდ მზარდი ტრენდი ფიქსირდება, თუმცა პენეტრაცია საკმაოდ დაბალია.

გარდა ამისა, იმ მოსახლეობის რიცხვი, რომლებიც ელექტრონულ შესყიდვებს ახორციელებენ, მათი შეძენილი პროდუქტების უმრავლესობის შესყიდვა უცხოეთიდან ხდება და საქართველო მას ჩამორჩება. ამიტომ აუცილებელია მეტი მუშაობა, რომ ქართველ მეწარმეებს გავუმარტივოთ და მივცეთ საშუალება, რომ მომხარებელს უფრო მარტივად მისწვდნენ,"-აცხადებს შეროზია.

როგორც „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ თანადამფუძნებელი განმარტავს, USAID-თან ერთად ასოციაცია სანდოობის გაზრდის მიზნით პროექტზე მუშაობს. პროცესში კი ელექტრონული კომერციის სექტორში არსებული დიდი და პატარა კომპანიები იყვნენ ჩართული, რათა მათი ინტერესები გათვალისწინებული ყოფილიყო.

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს, საქართველოში პირველად „ელექტრონული კომერციის დღე „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება მხარდაჭერილი იყო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის და USAID-ის უსაფრთხოების პროგრამების მიერ.  

თავად „იქომერს ასოციაცია საქართველო" 2020 წელს,  ქვეყანაში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით დაარსდა. 

 

 

Businesspartner