₾90-110 მლნ წელიწადში - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით საქართველო ეკონომიკური სარგებლის სახით წელიწადში 90-110 მილიონ ლარამდე იღებს. მილსადენში გატარებულ ნედლ ნავთობში მნიშვნელოვანი წილი უკავია თურქმენულ ნავთობსაც, რომლის მოცულობის ზრდაც იგეგმება.
„ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლიდან ატარებს სატრანზიტო გაზს აზერბაიჯანიდან, თუქრმენეთიდან და ყაზახეთიდან. ერთი წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით დაახლოებით 30-დან 35 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანზიტი ხორციელდება. ბოლო სამი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით, 6 მილიონ ტონამდე თურქმენული ნავთობი იყო. შარშან კი მილსადენმა 100 000 ტონა ყაზახური ნავთობიც გაატარა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ნავთობზე დაცემული მოთხოვნის გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენშიც შემცირებული იყო სატრანზიტო ნავთობი, თუმცა თურქმენული ნავთობი სტაბილურად ინარჩუნებდა ამ მოცულობებს. მოსალოდნელია, რომ ნავთობის მოთხოვნის ზრდასთან ერთად ეს მოცულობებიც კვლავ გაიზრდება. ველოდებით, რომ მილსადენსი თურქმენული ნავთობის მოცულობები 10-15%-ით გაიზრდება“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელმა, დავით ციციშვილმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR და საერთაშორისო ტრიდერი Vitol ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“SOCAR და Vitol შეთანხმდნენ წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელონ BTC მილსადენით. მიწოდება დაიწყება ოქტომბერში” – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო.
SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით.
Vitol-ის გადაწყვეტილება სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ BTC ეფექტურად უზრუნველყოფს მაღალ რენტაბელობას. აზერბაიჯანის ნავთობსადენი კარგად ინარჩუნებს მსუბუქი თურქმენული ნავთობის ხარისხს.