ბლოგი
14/12/2021

სამსჯელოდ მხოლოდ - ვიქტორ ყიფიანის ბლოგი

ბოლო პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობათა სფერო ცივილური დამოკიდებულების სიმწირით გამოირჩევა. გლობალურ წესრიგში საგრძნობლად იკლო მორალური ავტორიტეტის გავლენამ, რომელსაც ძალის ფაქტორი დღითიდღე უკომპრომისოდ და დაუფარავად ანაცვლებს. ის, რაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანი წლების ან თუნდაც ამ საუკუნის დასაწყისში პროცესის დამკვიდრებული „ანი–ბანი“ იყო, აირია, თავდაყირა დადგა. საკითხთა გადაწყვეტას, ხოლო, უკეთ რომ ვთქვათ, მათ „დალაგებას“, მრავალფეროვან-მრავალშრიანი კონცეპტუალურ-თეორიული „იზმები“ დაედო საფუძვლად. თუმცა ამ დოქტრინალურმა სიმრავლემ და სიუხვემ ვერ შეალამაზა საერთაშორისო ასპარეზზე საქმეთა კეთების რამდენიმე აშკარა მაქსიმა: ძლიერი მოთამაშეები შედარებით სუსტების ინტერესთა უგულებელყოფით, თავიანთი სიძლიერის ხარჯზე იკაფავენ გზას, ერთი შეხედვით გრძელვადიანი შეთანხმებები სიტუაციურ-ტაქტიკური ხასიათისაა, ხოლო გავლენის გადანაწილებისათვის ჭიდილში რეალური პოლიტიკისათვის ბუნებრივ რაციონალიზმს დაუფარავი „აღებ-მიცემა“ ენაცვლება. სამკვლევრო მასალაში ქცევის ნორმების ამგვარ სახეცვლილებას წესებზე დაფუძნებული წესრიგის რღვევას უწოდებენ, ხოლო შედარებით უფრო პროზაული ენით კი – სამყაროში აქამდე დამკვიდრებული წესრიგის თავდაყირა ამოტრიალებას.

ერთობ რთულია პროგნოზირება, თუ კიდევ რა სიღრმემდე ჩავა ხსენებული ტრანსფორმაცია, რა დრო დასჭირდება ახალი წონასწორობის მიღწევას. ამ მომენტისათვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, სიზუსტით აღვწეროთ ის აღმოცენებადი  საზოგადოებრივ-მორალური წესრიგი თუ „უწესრიგო წესრიგი“, რომელშიც ჩვენსა და მომავალ რამდენიმე თაობას მოუწევს ცხოვრება. მაგრამ, მიმაჩნია, რომ უკვე არსებული მასალა და პრაქტიკა საკმარის საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური (და არა მარტო) პოზიციონირების შესახებ რამდენიმე აშკარა თუ საკამათო დაკვირვების გამოსათქმელად. წლის დასასრულს, სწორედ რომ რამდენიმე ასეთი დაკვირვებისა თუ მოსაზრების საჯაროდ გაზიარება განვიზრახეთ.

ყველა სხვა წინა ნამუშევარს მსგავსად, მთავარი ამოცანა აქაც უცვლელია: დაინტერესებულ წრეებში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ  ფიქრის გააქტიურება, სწრაფად ცვალებად „უწესრიგო წესრიგში“ ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოზიციის შეძლებისდაგვარად გამყარება, მსოფლიო თუ რეგიონალური რებუსების გათვალისწინებით, ქართული პოლიტიკური გეზის პროაქტიული დაგეგმარება და მისი არასტანდარტულ-ნოვაციური ხერხებით აღსრულება. გარდა ამისა, არსებულ პრობლემატიკაზე მსჯელობის ერთ–ერთ უმთავრეს შედეგად მივიჩნევდი დამკვიდრებული სააზროვნო სტაგნაციის გადალახვას, შეფასებაზე მავნე მონოპოლიის რღვევას, დასკვნის გამოტანაზე ვიწრო ექსკლუზივის (უცხოურ ლიტერატურაში ამ ფენომენს „ბაბლს“ უწოდებენ) მოშლას, ხოლო კონიუნქტურული „ტელე-ტოქშოუ“ ანალიტიკის რეალურად ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კვლევა-ძიებით ჩანაცვლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სვლა წინ შეუძლებელი გახდება, ხოლო მიუკერძოებელი და არაანგაჟირებული ინტელექტუალური პროცესის ატროფირება კრიტიკულად იმოქმედებს სახელმწიფო ინსტიტუტების სრულფასოვნებაზე, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის, მისი ფუნქციონალური საჭიროებისა და საერთაშორისო ქმედუნარიანობის ხარისხზე.

ჩვენი მოსაზრებების უკეთ და კომპაქტურად გადმოსაცემად, მათი ე.წ. „ბულეთ პოინტებად“, თეზებად ჩამოყალიბება ვამჯობინეთ:

  1. საქართველოს პოლიტიკასა და დიპლომატიას ჭეშმარიტად „სამეწარმეო ყისმათი“ მოეთხოვება, რომ ახლად ფორმირებადი (უ)წესრიგ(ობ)ის მივიწყებულ პერიფერიაზე არ აღმოჩნდეს: მივიწყება კი, თანამედროვე პირობებში, სრული დაუცველობის ტოლფასია. ამ საკითხზე მსჯელობას ქართულ ე.წ. „დიდ სტრატეგიამდე“ მივყავართ.
  1. ალბათ არაერთს გაუკვირდება საქართველოსთან მიმართებაში სიტყვათაწყობა „დიდი სტრატეგიის“ გამოყენება. მათ გასაგონად აუცილებელია ითქვას, რომ დიდი სტრატეგიის მიხედვით მოქმედება მხოლოდ გლობალური მოთამაშეების ხვედრი როდია. ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც ნებისმიერ სხვას, შესაძლებელია და უნდა ჰქონდეს კიდეც საკუთარი დიდი სტრატეგია. საქმე ისაა, რომ „დიდი სტრატეგია“ არ მიემართება მხოლოდ და მხოლოდ ზესახელმწიფოს.  სასურველი და აუცილებელიცაა, რომ იგი ნებისმიერ ისეთ ქვეყანას ჰქონდეს, რომელიც თავის ეროვნულ იდენტობასა და ფასეულობებზე დაყრდნობითა და გეოპოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით, თანმიმდევრულ ინტელექტუალურ აზრში თავს უყრის თავის საგარეო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ პოლიტიკას. საქართველო სწორედ რომ ასეთი ქვეყნების კატეგორიას განეკუთვნება. ამდენად, ქართული დიდი სტრატეგიაც აბსოლუტურად ბუნებრივია, ხოლო მისი არქონა – დიდი გაუგებრობა.
  1. საქართველოს დიდი სტრატეგიის ამოსავალ პრინციპად უნდა სახელდებოდეს ქართული პოლიტიკის რაციონალიზმი და პრაგმატიზმი, მისი მოქნილობა და სახეცვლილი რეალობებისადმი შესაძლებლად სწრაფი და ადეკვატური ადაპტირების უნარი. ხოლო საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა, ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ეგო-სტანდარტი შიდა და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების „მართლზომიერების“  ჯანსაღ საზომად უნდა იქცეს. დღეს, როდესაც  ეროვნულ ინტერესსა და ეკონომიკურ ნაციონალიზმზე გამოკვეთილი აქცენტი ახალი მსოფლიო კონტექსტის ერთ–ერთი გზავნილია, ქართული სახელმწიფო ვერ გადაუხვევს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე მაქსიმალური ზრუნვით ნაკარნახევი დღის წესრიგიდან. ესეც, რა თქმა უნდა, გლობალური თუ რეგიონალური ნორმების მაქსიმალური პატივისცემისა და საერთაშორისო თუ სხვა პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სრული დაცვის პირობით. ქართული დიდი სტრატეგიის ეს დომინანტი სრულად უნდა გაწონასწორდეს იმასთან, რაც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზეა მოსალოდნელი. ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის შემდგომი და უსწრაფესი აღმასვლის მორიგ საფეხურად სწორედ ასეთი ბალანსირების ხელოვნება  გვესახება.
  1. უკვე აღნიშნული ქართული ბალანსირების აუცილებელ თანმდევ კომპონენტებად მიმაჩნია, ერთი მხრივ, საერთაშორისო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად დიდ სურათში (გლობალურ პროცესებში) თანამონაწილეობა და, მეორე მხრივ, ჩვენსავე რეგიონსა და უშუალო სამეზობლოში ჩვენი როლისა და ადგილის გამოკვეთა. მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ რეგიონალური ურთიერთობის კონტექსტში ბოლო ხანს არაერთი ინიციატივა გამოითქვა. მეტიც, ბოლო წლებია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთი პროცესების (ცვლილებების) თვითმხილველნი ვართ, რომლებმაც ესა თუ ის ინიციატივა - ზოგი მისაღები, ზოგი კი მიუღებელი - განაპირობა. ნებისმიერ  შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ახალი გლობალური წესრიგის გამოკვეთილი ნიშანი, საერთაშორისო პოლიტიკის რეგიონალური დაქსელვისა და ძლიერი რეგიონალურ-გეოპოლიტიკური ცენტრების ფორმირების პრინციპით, მისი კიდევ უფრო მეტი რეგიონალიზაცია იქნება.  ეს ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენთვის მაშინ, როდესაც შავი ზღვის რეგიონი ერთ–ერთ საკვანძო რეგიონალურ-გეოპოლიტიკურ ცენტრად ესოდენ ფორსირებულად ყალიბდება, ხოლო ამ ქვეყნის მეტად აჭრილი სამხრეთკავკასიური დიდი სამეზობლო ლანდშაფტი მხოლოდ ამრავლებს პასუხგაუცემელ მწვავე შეკითხვებს.
  1. ქართული საგარეო პოლიტიკის საერთაშორისო და რეგიონალურ კომპონენტებს თანაბარი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სტრატეგიული დაგეგმარებისა და ტაქტიკური აღსრულებისას. რეალურად, ჩვენს ქვეყანას მოუწევს ორგანზომილებიან - გლობალურ და რეგიონალურ - წესრიგთან მორგება. აღსანიშნავია, რომ ორივესთან ორგანულად შეწყობა ერთი და იმავე რანგის ამოცანა იქნება. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ აცდენა გლობალურსა (საერთაშორისო პარტნიორების წესებით) და რეგიონალურს (რეგიონის სპეციფიკურობით) შორის, შესაძლოა, არცთუ იშვიათი და მცირე იყოს, პრაქტიკულად, ქართული სახელმწიფოს ქმედუნარიანობას მეტად რთული განტოლების ტესტის ჩაბარება მოუწევს: თანაც არა ერთჯერადად, არამედ რეგულარულად. ორივე კომპონენტთან ბალანსირებული საერთოს გამოძებნა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში ინკლუზიურ ჩართულობას ემსახურება და შედეგად, საერთაშორისო მრავალმხრივი თუ ორმხრივი ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ქართულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.
  1. ქართული პრაგმატიზმი, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ფასეულობებზე დაფუძნებული წესრიგის მხარდაჭერას. ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებში ასახული ფასეულობები ჩვენი ქვეყნის კანონისმიერი, ისტორიული, დაწერილი თუ დაუწერელი ინტერესების უზრუნველყოფის დამატებითი სარტყელია. ამასთანავე, იმავე პრაგმატიზმით მარჯვე და მოქნილი ოპერირება კრიტიკულად აუცილებელია საქართველოსათვის სასურველი უსაფრთხოების გარემოს მისაღებად. დღევანდელ სამყაროში არც ქცევის წესები და არც სხვათა შენდამი დამოკიდებულება თუ შეფასება სტატიკაში ვერ განიხილება. ამდენად, უსაფრთხოების სფეროს ხშირი ცვალებადობისადმი ადაპტირების „მაღალგამტარიანი“ სახელმწიფო ინსტრუმენტების რევიზია და სრულყოფა უწყვეტი პროცესია. მოსახლეობით მცირერიცხოვანი და გეოგრაფიულად მომცრო არაერთი (თუმცა არცთუ ბევრი) ქვეყანა საამისოდ კარგი მაგალითია. ეს მაგალითებიც, ქართული სივრცეში საჯარო და არასაჯარო სეგმენტების მიერ „საჯარო-კერძო პარტნიორობის“ ფორმატში მუდმივ დაკვირვებასა და საჩვენოდ შესწავლას საჭიროებს. ამ ფორმატში თანამშრომლობის ერთ-ერთი შედეგი ქართული დიდი სტრატეგიის (მეტი უსაფრთხოება, უკეთესი ეკონომიკა) ფარგლებში ე.წ. „აღმოცენებადი სტრატეგიის“ სიტუაციურად მიზანშეწონილი ელემენტების ჩაშენება იქნება.
  1. საკუთრივ „ეროვნული ინტერესის“ ცნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეტად კომპლექსური, ზოგჯერ კი, საკმაოდ ბუნდოვანი გახდა. ეს არც არის გასაკვირი, თუკი მხედველობაში მივიღებთ განვლილი პერიოდის ეკონომიკურ-ტექნოლოგიური თუ საზოგადოებრივ-სოციალური გარდატეხების რიტმსა და მასშტაბს. შედეგად, „ეროვნული ინტერესის“ ფარგლები არცთუ მარტივად განსასაზღვრი გახდა. სხვათა ანალოგიურად, ვფიქრობ, საქართველოს შემთხვევაში „ქართულმა ეროვნულმა ინტერესმა“, მისი პრაქტიკულ პოლიტიკაში გატარების საჭიროებისათვის, სტატიკაზე უარი უნდა თქვას და დროსა და სივრცეში მეტი დინამიზმი შეიძინოს. ამასთანავე, საერთო შეთანხმებად უნდა იქცეს ჩვენი ეროვნული ინტერესების რამდენიმე მზიდ, სისტემაშემქმნელ პრინციპზე ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ ამ პრინციპებს შორისაა: (ა) ეროვნულ უსაფრთხოებაზე გამავალი ეკონომიკური მედეგობა (მის გარეშე ხომ თანამედროვე „ეროვნული სახელმწიფო“ სრული ფიქციაა); (ბ) საზოგადოებრივი და ინსტიტუციური სიმტკიცე შიდა და გარე ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გასაუვნებლებად; (გ) რეგიონალურ და სუბრეგიონალურ ასპარეზზე ქვეყნის ფუნქციონალური დატვირთვა, - პარტნიორებისათვის პრაქტიკული სარგებლიანობის გარეშე მივიწყებას მივეცემით, ხოლო მივიწყებული კი მოწინააღმდეგისათვის იოლ ნადავლად ვიქცევით.
  1. დღეს ხშირად საუბრობენ ევროპის შესაძლო „დეამერიკანიზაციაზე“. ცხადია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ევროპაზე „ჩაჭიდების“ შესუსტება უშუალოდ აისახება დიდი შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო გაუარესებაში. ამდენად, ეს შესაძლო ტენდენცია, რომლის ოდნავ საპირისპირო სურათსაც, ჩემი შეფასებით, აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები ქმნის, უშუალოდ უკავშირდება ქართული ეროვნული ინტერესების იმგვარ გაგებას, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. მეტიც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომი გაფართოების საკითხზე, პრაქტიკულად, „ბოლთის ცემა“, გარდაუვალს ქმნის თბილისის მიერ ახალი ინიციატივებისა და ახალი შესაძლებლობების მოსინჯვას. ასეთ მცდელობას, წინა ნაშრომებში, უსაფრთხოების „საკომპენსაციო მოდელები“ ვუწოდე. ალიანსის „ვერგაფართოების“ პირობებში, „კომპენსაციის“ არსი ისეთ საკვანძო მდგენელებზე გადის, როგორებიც არის: (ა) შავი ზღვის ფაქტორის მოშველიებით უსაფრთხოების გარკვეული რეგიონალური კონფიგურაცია (რომლის მაგალითებიც მსოფლიო პრაქტიკაში მოიპოვება, განსაკუთრებით, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების რეგიონებში); (ბ) საქართველოს მონაწილეობით უსაფრთხოების კუთხით ორმხრივი, ფორმალურად უმაღლესი სტატუსის ურთიერთობების გაფორმება; (გ) ანდა სულაც ორივე ერთად - როგორც შავი ზღვის რეგიონალური, ისე ორმხრივი ფორმალური უსაფრთხოების კომბინირება. ფაქტია, რომ განახლებული ინიციატივები აუცილებელია შავი ზღვის დიდი რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილის გეოპოლიტიკური „ბუფერიზაციის“ შესამცირებლად, ხოლო მათი ფორმულირების საქმეში ოფიციალურმა თბილისმა უშუალო და ქმედითი მონაწილეობა უნდა მიიღოს. უამრავი საზრუნავით გადაღლილ მსოფლიოში სხვების ლოდინი, ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის სხვებზე სრულად დელეგირება  დღეს „დანაშაულზე მეტად, უპატიებელი შეცდომაა“.
  1. ჩვენს პარტნიორებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ქართული საქმის წარმატება მხოლოდ ქართველთა წარმატება როდია. ჩვენთან ერთად ეს მათი წარმატებაცაა. ამიტომ, მიმდინარე პროცესები ცივი გონებით, რაციონალურ და ჯანსაღ შეფასებას იმსახურებს. დაუსაბუთებელი კრიტიკით ცალმხრივად თუ ერთობლივად გართულები, კანონზომიერი სირთულეების ობიექტურად შეუფასებლობამ არ დაგვაზიანოს საერთო საქმის ყველა მონაწილე... მეტიც, საქართველოს წარმატებული პოზიციონირება რეგიონის მიმართ, ჩვენივე პარტნიორების გზავნილის ქართული „რბილი ძალის“ გავლით წარმატებულ პროეცირებას უდრის.

ისტორიამ ძალზე რთულ, თუმცა არანაკლებ საინტერესო დროში ცხოვრება გვარგუნა. ეს გამართლებაცაა, ვინაიდან არაერთი წინა თაობისგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის  როგორც სიტყვით, ისე საქმით მსახურების შესაძლებლობა მოგვეცა. ეს ერთდროულად დიდი ტვირთი და უნიკალური პასუხისმგებლობაა, მას სათანადოდ დაფასება უნდა და არა „პოლიტიკური კალორიების“ ისე უაზროდ და უმისამართოდ ფლანგვა, როგორც ეს დღესდღეობით ქცევის მანკიერ „სტანდარტად“ იქცა.

მსოფლიო დღითიდღე უფრო და უფრო ეგოისტური ხდება, ხოლო უშურველად  გასაღები სიკეთისა და უანგარო თანადგომის რესურსი თვალსა და ხელს შუა ცვდება. სამაგიეროდ, არ მცირდება მთხოვნელთა რიცხვი ამ რესურსის მისაღებად. ამ არასახარბიელო რიგში მომლოდინეთა შორის სამუდამოდ რომ არ ჩავრჩეთ, საკუთარ ბედსა და მომავალს პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და პატიოსნების ქართული საერთო-ეროვნული ძალისხმევით უნდა მივეშველოთ. თანაც, დროულად.

 

ვიქტორ ყიფიანი,

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე

Businesspartner