ბლოგი
23/01/2021

ქალბატონი მდივანი და "ამერიკის გადარჩენის გეგმა"

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა (Joseph R. Biden) ოთხშაბათს 20 იანვარს ფიცი დადო. ნაშუადღევს მან ტვიტერის ახალი სამთავრობო გვერდიდან - @POTUS დატვიტა: „ფიცის დადების შემდეგ, ნაშუადღევს შევუდექი საქმეს: პანდემიის კონტროლი, ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა, კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაწყვეტა, რასობრივი თანასწორობის უზრუნველყოფა“.

თითოეული პუნქტი პირდაპირ კავშირშია მის მიერ შემოთავაზებულ „ამერიკის გადარჩენის გეგმასთან - American Rescue Plan“, რომელიც 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის პაკეტს შეიცავს.

ეს გეგმა კაპიტოლიუმში აშშ-ს ხაზინის მომავალმა მდივანმა ქალბატონმა ჯანეტ იელლენმა (Janet Yellen) უნდა გაიტანოს, დაიცვას და შემდეგ აღასრულოს.

2020 წლის ნოემბრის ბოლოს იელლენი ერთ-ერთ პირველი იყო რომელიც ბაიდენმა წარადგინა, როგორც მისი კაბინეტის წევრი. ჯანეტ იელლენი, სენატის თანხმობის შემთხვევაში პირველი ქალი იქნება ვინც ხაზინის მდივნის პოსტს დაიკავებს, ამ ინსტიტუციის 231-წლიანი ისტორიის მანძილზე.

ჯანეტ იელლენი, 74 წლის ამერიკელი ეკონომისტი, 2010-2014 წლებში ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის - ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო, 2014 წლიდან 2018 წლის თებერვლამდე კი მისი მეთხუთმეტე ხელმძღვანელი და პირველი ქალბატონი ხელმძღვანელი.

გაზეთი The Jerusalem Post-ი ჯანეტ იელლენს მუდმივად ასახელებს მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელს შორის, 2014 წელს ის მეორე ნომრად იყო ამ სიაში ამერიკის ხაზინის მაშინდელი ხელმძღვანელის ჯეკ ლიუს (Jack Lew) შემდეგ.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა (Donald J. Trump) დაარღვია ერთგვარი ტრადიცია და იელლენს არ გაუგრძელა უფლებამოსილება, როგორც მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელს, როგორც ეს ადრე მიღებული იყო. მით უფრო, რომ ჯანეტ იელლენს ამის სურვილი ქონდა „მე მქონდა სურვილი მემსახურა კიდევ ერთი ვადით და ეს ღიად განვაცხადე, შემიძლია ვთქვა რომ იმედგაცრუებული ვარ“. პრეზიდენტი ტრამპი იელლენს 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთის დაბალ ნიშნულზე ხელოვნურად შენარჩუნების გამო აკრიტიკებდა, რომელიც ტრამპის აზრით, ობამასთავის (Barack H. Obama) მომგებიანი იყო. ილლენს შეეძლო დარჩენილიყო მმართველთა საბჭოში, როგორც მმართველი. პრეზიდენტ ობამას წარდგენა, მას ამის უფლებას 2024-მდე აძლევდა, მაგრამ იელლენმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ფედერალური რეზერვის საბჭო.

ჯანეტ იელლენი ჯორჯ აკერლოფის (George Akerlof) მეუღლეა. აკერლოფი ეკონომიკის ემერიტუს პროფესორია კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლი (University of California, Berkley), და ნობელის პრემიის ლაურიატი (2001) მაიკლ სპენსთან (Michael Spence) და ჯოზეფ სტიგლიცთან ერთად (Joseph E. Stiglitz).

30 ნოემბერს იელლენმა, როგორც ხაზინის მდივნის კანდიდატმა twitter-ზე თავისი პოზიცია დააფიქსირა: „ჩვენ როგორც ქვეყანა ახლა უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეკონომიკური აღდგენისათვის, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ადამიანებს ამერიკული ოცნება - საზოგადოება, სადაც მის თითოეულ წევრს შეუძლია გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და იოცნებოს უფრო ფართოდ (dream even bigger) თავისი შვილების მომავლისათვის. როგორც ხაზინის მდივანი, მე ყოველდღე ვიმუშავებ იმისათის, რომ ყველას დავუბრუნო ეს ოცნება“.

სენატში გამოსვლის დროს ლოზუნგს „dream even bigger”-ს კიდევ ერთი დაემატა - “act bigger”, რაც ხარჯების გაზრდას გულისხმობს კორონავირუსისგან მიყენებული დანაკარგების შემსუბუქების მიზნით - „მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი ბევრად მეტია, ვიდრე სესხების სიმძიმის რისკი“.

ჯანეტ იელლინის ხედვა შემდეგია - უფრო მძლავრი ხაზინა, რომელიც იმოქმედებს უფრო აგრესიულად ეკონომიკური უთანასწორების შემცირების, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის, ჩინეთთან არასამრთლიანი ვაჭრობის და სუბსიდირების პრაქტიკის წინააღმდეგ.

რა ძირითადი პარამეტრები ხვდება იელლენს - 2020 წლის უარყოფითი ეკონომიკური ზრდა - 4,5%-დან -4,7%-მდე ოდენობით, რომელიც პანადემიით არის გამოწვეული. ცნობისათვის 2020-ს წინ უძღოდა წარმატებული 5 წლიანი პერიოდი, როდესაც აშშ-ს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ერთხელ 2016 წელს ჩამოცდა 2%-იან ნიშნულს და 1,71% შეადგინა. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 15%-ის ფარგლებშია მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში. ეს უკანასკნელიც პანდემიით არის გამოწვეული, თუმცა არა მხოლოდ. ტრამპის ადმინისტრაცია საკმარისად გულუხვი იყო ამ მიმართებით. რეკორდული სახელმწიფო ვალი, რომელმაც U.S. Debt Clock.org-ის მონაცმებით, ინაუგურაციის დღისათვის 27,8 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და რომელიც აშშ-ს მთლიან სამამულო პროდუქტს აღემატება. უმუშევრობა, ასევე პანდემიით გამოწვეული, იმის ფონზე რომ ის მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წლის პირველ კვარტლში და აპრილში, მაისის შემდგომ კი 7 თვის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა სამუშაო ადგილების აღდგენა, გარდა დეკემბრისა, როდესაც სამუშაო ადგილები ისევ შემცირდა 140 ათასი ერთეულით. რეკორდულად მცირეა საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წესით უნდა შენარჩუნდეს რაღაც პერიოდი.

რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია და რა პრობლემებთან მოუწევს მას გამკლავება:

გადასახადების გაზრდა - ტრამპის მიერ, 2017 წელს კორპორაციული გადასახადის შემცირება 35%-დან 21%-მდე მოხდა ცნობილი კანონით Tax Cut and Job Act. ბაიდენი წინასაარჩევნოდ ამ კანონის ცვლილებას პრიორიტეტად განიხილავდა.

გადასახადის გაზრდის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა - კორპორაციებმა და კაპიტალმა, რომლებმაც 2017 წლის გადასახადების შემცირებისაგან მოგება მიიღეს „საჭიროა, რომ თავისი სამართლიანი წილი გადაიხადონ“ აღნიშნა იელლენმა, მაგრამ როგორც ჩანს, პრიორიტეტები შეიცვალა.

გადასახადების გაზრდა განხილული იქნება მას შემდეგ რაც: პანდემია დასრულდება და ამ საკითხს აშშ პარტნიორებთან ერთად მოილაპარაკებს - „ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ძალიან აქტიურ მოლაპარაკებაზე ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან, რომ შევაჩეროთ გადასახადების შემცირების დამანგრეველი პრაქტიკა... ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ამერიკული კომპანიების კონკურენტულობა შედარებით უფრო მაღალი კორპორაციული გადასახადების არსებობის პირობებშიც კი“.

იელლენმა სენატში განაცხადა, რომ პანდემიის შემსუბუქება პრიორიტეტულია გადასახადების გაზრდასთან შედარებით. ის არ აპირებს გადასახადების შემცირების სრულად გაუქმებას - საუბარია მხოლოდ 21%-დან 28%-მდე ზრდაზე და არა ძველ 35%-იან ნიშნულზე დაბრუნებაზე.

გადასახადები მაინც გაიზრდება, ვინაიდან გაზრდილ ხარჯებს დაფინანსება, ხოლო გაზრდილ ვალებს მომსახურება სჭირდება. პანდემიის დასრულების შემდეგ, აშშ იქნება ლიდერი სახელმწიფო და „დააძალებს“ თავის პარტნიორებს გაზარდონ გადასახადები, განსაკუთრებით კორპორაციული გადასახადები. ეს თითქმის გარდაუვალია, გაუძლებს თუ არა ეკონომიკები ამას, მომავალი გვიჩვენებს.

1,9 ტრილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი - ახალი ადმინისტრაცია მზად არის ამერიკას ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ შესთავაზოს, რომელიც 1,9 ტრილიონი აშშ დოლარს შეადგენს. პრიორიტეტული იქნება ხარჯები ჯანდაცვაზე, ტესტირებასა და ვაქცინაციაზე, მნიშვნელოვანია უმუშევრობის მხარდაჭერა, რომელიც მთლიანი პაკეტის დაახლოებით 20%-მდეა, მხარდაჭერის დიდი პაკეტია სკოლებსა და უნივერსიტეტებზე დაახლოებით 11%-ის ოდენობით, 18%-ზე მეტია მხარდაჭერა ადგილობრივი მთავრობებისათვის, პაკეტი ითვალისწინებს ბიზნესის და ტრანსპორტის მხარდაჭერას რომლის ხარჯები დაახლოებით 10%-ია. ამავე გეგმის ნაწილია მინიმალური ხელფასის გაზრდა 15 აშშ დოლარამდე საათში.

ბევრი ამ გეგმას ეკონომიკური სტიმულირების გეგმას უწოდებს, ნობელის პრემიის ლაურიატმა პოლ კრუგმანმა (Paul Krugman) ეს კატეგორიულად უარყო. თავის ტვიტში ის წერს: „კიდევ ერთხელ, მიზანი არ არის ეკონომიკის გამოცოცხლება: ეს არის დახმარება ოჯახებისათვის, ბიზნესისათვის, ქვედა დონის თვითმმართველობისათვის, რომ მათ შეძლონ პანდემიის პერიოდის გადატანა. ნუ ეძახით ამას სტიმულს..."

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ვალი გაიზარდა ახლა აქტიური მოქმედების დროა ეკონომიკის და მოსახლეობის მხარდასაჭერად, მაგრამ ასევე ყურადღება და კონტროლი არ უნდა მოვაკლოთ ვალის ზრდას - აღნიშნავს ჯანეტ იელლენი.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გრეგორიევამ (Kristalina Georgieva) მიმდინარე წლის 15 იანვარს გაიდარის ფონდის ყოველწლიურ ფორუმზე „2020 წლის მარტიდან მე ვაფიქსირებ საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის ძალიან უჩვეულო პოზოციას - გთხოვთ ხარჯოთ, ხარჯოთ იმდენი რამდენსაც შეძლებთ, და კიდევ ცოტათი მეტი... მე მხარს ვუჭერ ისეთ მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკას დაიცავს კრახისაგან, მაშინ როდესაც ჩვენ ხელოვნურად ვზღუდავთ წარმოებას და მომხარებას“.

დოლარის საბაზრო კურსი - იელლენი არ აპირებს ხელოვნურად „დაასუსტოს“ დოლარი, რომ სავაჭრო უპირატესობა მოიპოვოს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რასაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა. დოლარის გაცვლითი კურსი ბაზარმა უნდა დაადგინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ხელოვნურად“ იაფი დოლარის პერიოდი დასრულდბა. ეს არ მოხდება მყისიერად, მაგრამ ეროვნული ეკონომიკები, რომლებიც განიცდიან დოლარიზაციის მაღალ ხარისხს და ეროვნული ვალუტის კურსის ტურბულენტურობის მიმართ პროცესები ძალიან მგრძნობიარეა, უნდა მოემზადონ „ძლიერი“ დოლარის პერიოდისათვის. ვერ ვიტყვით რომ დაუყოვნებლივ, მაგრამ ეს პერიოდი აუცილებლად დადგება და ის რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზეა დამოკიდებული.

საპროცენტო განაკვეთი და ინფალცია - დღეს არავის შეუძლია თქვას როდის დაიწყებს ინფლაცია ზრდას ან რამდენად სწრაფი იქნება ეს ზრდა. ჯერ-ჯერობით საპროცენტო განაკვეთები ისტორიულ მინიმუმზეა, რამაც გაზრდილი სახელმწიფო ვალის მიუხედავად, სახელმწიფო ხაზინისათვის საპროცენტო ხარჯების იგივე დონეზე შენარჩუნება განაპირობა.

რამდენად ხანგრძლივი იქნება იაფი „პროცენტი“ და „ინფლაციური“ არდადეგები?

თუკი ინფლაცია გაიზრდება, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა აუცილებელი გახდება, და „ძლიერი“ დოლარის პერიოდიც დადგება.

მინიმალური ხელფასი - 15 აშშ დოლარი საათში - ვიტყოდი ყველაზე მტკივნეული საკითხია იელლენისათვის, მას საკუთარ თავთან მოუწევს დაპირისპირება. მინიმალური ხელფასით მშრომელთა ინეტერესების დაცვა, დემოკრატებისთვის ახალი ხილი არ არის. ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, 2014 წელს მინიმალური ხელფასის გაზრდა იგეგმებოდა 7,25 აშშ დოლარიდან 10,10 აშშ დოლარამდე. კონგრესში გამართული მოსმენების დროს, იელლენი აცხადებდა, რომ აღნიშნული ნაბიჯი დაახლოებით ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევდა. 2020 წლის 19 იანვარს, კონგრესში მისი დამტკიცების საკითხთან დაკავშირებულ მოსმენებზე კი ეიელენმა აზრი შიცვალა და აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილების დანაკრგი იქნება „ძალიან მინიმალური“. ძნელი დასაჯერებელია, რომ 10,10 აშშ დოლარის ნაცვლად, 15 აშშ დოლარამდე მინიმალური ანაზღაურების გაზრდა, 500 ათას სამუშაო ადგილზე ნაკლების დაკარგვას იწვევდეს, ან თავად 500 ათასი ან მასზე მეტი სამუშაო ადგილი იყოს „ძალიან მინიმალური“, მაგრამ ფაქტია იელლენ2021-ს მოუწევს დაუპირისპირდეს იელლენ2014-ს და დაამტკიცოს ის, რაც ეკონომისტებისათვის აქსიომაა - მინიმალური ხელფასის არსებობა მშრომელების სამუშაო მდგომარეობის და ანაზღაურების გაუმჯობესებას მხოლოდ ნაწილობრივ იწვევს. მთლიანობაში კი სამუშაო ადგილები მცირდება და ძირითადად დაბალ შემოსავლიანი სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე.

მშრომელებზე სოციალური მზურნველობის „ჯინი“ კი ამასობაში გამოშვებულია, ლოზუნგი Fight for 15$ პლაკატზეა გადატანალი, ახლა მას შესრულება სჭირდება.

კლიმატის ცვლილება და ფინანსური პოლიტიკა - ბაიდენის გადაწყვეტილებას ამერიკა დაუბრუნდეს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას, პირველივე დღეს მოჰყვა მოქმედება - შესაბამისი განკარგულება ხელმოწერილია. ისევე როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აშშ-ის დაბრუნება, სადაც უახლოეს დღეებში დოქტორი ფაუჩი, როგორც ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ისე წარსდგება.

ჯანეტი იელლენმა კლიმატის ცვლილებას ამერიკის „ეგზისტენციალური საფრთხე უწოდა“. ხოლო ამერიკის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა, სამუშაო ადგილების შექმნა პირდაპირ დაუკავშირა ინვესტიციებს ახალ, ეკოლოგიურ ტექნოლოგიებში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაც ზუსტად ანალოგიურია - საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, G20-ის ქვეყნების კოორდინირებული ფისკალური სტიმული მწვანე ინფრასტრუქტურაში, მოგცემს ორი მესამედით უფრო მეტ ზრდას... ვიდრე თითოეული ქვეყნის მოქმედება ცალ-ცალკე.

ხაზინის ახალი მდივანი აპირებს შექმნას მაღალი დონის მოხელის შტატი ხაზინაში, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კლიმატის საკითხებს, მიზნობრივ მაჩვენებლებს, რომელთა მიღწევა აშშ-ს მიერ იქნება ნაკისრი. ეს მნიშვნელოვანი განაცხადია, რომელიც როგორც ადმინისტრაციის, ისე ეკონომიკური აგენტების მხრიდან, დამატებითი და მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზებას მოითხოვს.

ჩინეთი - იელლენი ჩინეთს აღიარებს როგორც აშშ-ს ყველაზე დიდ კონკურენტს გობალურ სამყაროში, რომელიც მუდმივად და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩინეთის არასამართლიან, უკანონო და უპატივცემულო მოქმედებებს.

მას არ დაუკონკრეტებია რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთთან მიმართებაში, დატოვებს თუ არა ტრამპის მიერ დანერგილ სატარიფო პოლიტიკას. მან აღნიშნა, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთის საკითხზე მოკავშირეებთან ერთად და არა დამოუკიდებლად.

ამასთან ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის განმავლობაში 2.3%-ით გაიზარდა. სხვა თანაბარ პირობებში ეს წარუმატებლობად ჩაითვლებოდა, მაგრამ პანდემიის ფონზე მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეკონომიკის ზრდის ეს მაჩვენებელი ძალიან კარგად გამოიყურება. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალი The Economist-ი აღნიშნავს 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩინეთში აჩქარდა და მან 6.5%-ს მიაღწია წლიურ მაჩვენებელზე გადაანგარიშებით. ხოლო 2021 წლის 1 კვარტალში, 2020 წლის დაბალი ბაზის გამო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავზე მეტი 20% იქნება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია აღინიშნოს და რომელიც არ არის ადმინისტრაციის ე.წ. “გადარჩენის“ გეგმის პაკეტში, მაგრამ ამის შესახებ იელლენმა კაპიტოლიუმში თავისი პოზიცია დააფიქსირა - ეს არის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კრიპტოვალუტების მიმართ.

იელლენმა აღნიშნა - კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს შეშფოთების საფუძველი. ბევრი მათგანი გამოიყენება არაკანონიერი დაფინანსების და ფულის გათეთრების მიზნით. ჩვენ უნდა შევძლოთ შევიმუშაოთ მათი შემზღუდავი რეგულირება და დავრწმუნდეთ, რომ მათი გამოყენებით არ ხდება ფულის გათეთრება.

მსგავსი პოზიციის დაფიქსირება კი იმის მომასწავებელი უნდა იყოს, რომ რეგულირების საკითხები კრიპტოვალუტებთან მიმართებით გამკაცრდება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკითხი მარტივად გადაწყდება.

ნებისმიერი ადმინისტრაციისათვის პირველი 100 დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს არის დაპირებების გაცემისა და ვალდებულებების აღების პერიოდი, რასაც შემდგომში დაპირებების და ვალდებულებების შესრულება უნდა მოყვეს.

ვნახოთ როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის პირველი 100 დღე. რამდენად შთამბეჭდავი, გნებავთ მძიმე იქნება ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ჩვენ წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ახალ ადმინისტრაციას და ქალბატონ მდივანს, რომელიც იმედი გვაქვს, რომ უსათუოდ დამტკიცდება აღნიშნულ თანამდებობაზე.

მსოფლიოს და ჩვენ, ძლიერი ამერიკა გვჭირდება.

 

 

ფოტო: Jonathan Ernst/Reuters

Businesspartner