ბიზნესი
08/04/2021

ზურაბ ლალაზაშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესი დიდ დოვლათს ვერ ქმნის და ეს გამოწვევაა

მსხვილი ბიზნესი კარგად უნდა იყოს, ის ერთგვარი ლოკომოტივია და თუ ის კარგად იქნება, კარგად იქნება მცირეც და საშუალო ბიზნესიც, - განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში".

ზურაბ ლალაზაშვილის განმარტებით, მსხვილი ბიზნესი ყველაზე დიდი შემსყიდველია მათ შორის მცირე ბიზნესის პროდუქციის.   

„ჩვენ რა საკითხებიც პრემიერთან მოლაპარაკებაზე დავაყენეთ არ შეიძლება იყოს ვინმესთვის კარგი და ვინმესთვის ცუდი. თუ ეს საკითხები მოგვარდება ეს კარგი იქნება ზოგადად ქვეყნისა და ეკონომიკისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია მსხვილ ბიზნესზე. მსხვილი ბიზნესი მცირე ბიზნესის პროდუქციის აერთ-ერთი დიდი შემსყიდველია, თუ მსხვილ ბიზნესს არ ექნება ფინანსური სტაბილურობა და მცირე ბიზნესიც რთულ მდგომარეობაში იქნება. ის მსხვილი ბიზნესები, რომლებიც გაწევრიანებულია ბიზნეს ასოციაციაში მათი შვილობილი კომპანიების ჩათვლით მშპ-ის დაახლოებით 60-70% ქმნის. თუ ჩვენი დასაქმებული 200 000-მდე ადამიანისთვის შევძლებთ ანაზღაურების გადახდას მათ ექნებათ შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქცია და სერვისები შეიძინონ. ეს არის ერთგვარი ჯაჭვის ეფექტი,“ - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

BDO-ს მმართველი პარტნიორის განმარტებით, საქართველო ჯერ კიდევ შორს არის იმ ევროპული მაჩვენებლებისგან რომლისკენაც ქვეყანას გეზი აქვს აღებული. მისი განმარტებით, ქვეყანაში დიდ დოვლათს მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ქმნის რაც თავისთავად პრობლემურია.

ძალიან შორს ვართ ევროპის მაჩვენებლებიდან საითკენაც ჩვენ გვინდა წასვლა. იმიტომ რომ ჩვენთან დიდ დოვლათს არ ქმნის მცირე და საშუალო საწარმოები და ეს ერთ-ერთი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკისთვის. მათ შორის პრობლემაა ის რომ ბიზნესები ძირითადად თავმოყრილია თბილისში. ძალიან დიდია კონცენტრაცია. ჩვენ თუ გვინდა, რომ სიღარიბე უფრო ჩქარი ტემპებით შემცირდეს, ეს ნიშნავს რომ უფრო მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა უფრო მეტ რესურსებზე. მეტი შემოსავალი ჰქონდეს და ამას მხოლოდ მსხვილი ბიზნესი ვერ შეძლებს. ამას სწორედ საშუალო და მცირე ბიზნესი უნდა უზრუნველყოფდეს", - განმარტა ზურაბ ლალაზაშვილმა.