"ჟირაფი" საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურებას გეგმავს
ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანია "ჟირაფი", წელს საექსპორტო მიმართულებების გაფართოებას აპირებს.
ახალი პარტნიორების მოძიებას კომპანია პარიზში, „ფლეი თაიმის“ გამოფენაზე გეგმავს, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.
როგორც "ჟირაფის" თანადამფუძნებელმა, ნინი ჯოხაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ამერიკის ბაზარზე კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა გაორმაგდა. მოთხოვნა გაზრდილია როგორც რაოდენობაზე, ასევე ასორტიმენტზე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, გასულ წელი 2020 წელთან შედარებით, მთხოვნის განსაკუთრებული ზრდით არ გამოირჩეოდა, რაც "ჟირაფის" სტრატეგიულ ცვლილებებს, კერძოდ, კომპანიის საექსპორტო მიმართულებით გააქტიურებას უკავშირდება.
„2022 წელს კიდევ უფრო მეტ სიახლეებს ველოდებით. ვმუშაობთ გაზაფხულის შეკვეთაზე ამერიკასთან, თუმცა გვსურს, სხვა ბაზრებზეც უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში და ასევე აღვადგინოთ ურთიერთობა აზიის ბაზრებთან. იაპონია არის საკმაოდ საინტერესო ბაზარი და ვფიქრობთ, რომ უკვე ისეთი ფორმით წარვდგებით "ფლეი თაიმის" გამოფენაზე თვის ბოლოს, რომ ამ ნაწილშიც გვექნება საინტერესო სიახლეები,“ - განაცხადა ნინი ჯოხაძემ.
ამასთან, კომპანია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მაღაზიის გახსნასაც გეგმავს, სადაც მომხმარებელს "ჟირაფი" პროდუქციასთან ერთად მომხმარებელს სხვა სიახლეებსაც შესთავაზებს.