ბიზნესი
11/02/2023

Wiggly გლობალურ ბაზარზე შესვლას გეგმავს

შინაური ცხოველების მეპატრონეების დასახმარებლად შექმნილი ქართული ინოვაციური პროდუქტი, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარს სრულიად უფასოდ ემსახურება. თუმცა, როგორც Wiggly-ის დამფუძნებლები „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებენ, მიმდინარე წლის ზაფხულისთვის IOS და Android აპლიკაციები შეიქმნება და სამომავლოდ აპლიკაცია ხელმისაწვდომი გლობალურ ბაზარზეც გახდება.

სტარტაპი საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრებას მომხმარებლისთვის სერვისების სრული სპექტრის შეთავაზებით გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე Wiggly-ის გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს.

Wiggly - პირადი AI ასისტენტი, იგივე ბოტი, შინაური ცხოველების მეპატრონეებს დღეს მხოლოდ ვეტერინარიისა და ზოგადი მოვლის შესახებ აწვდის ინფორმაციას. თუმცა, როგორც სტარტაპის დამფუძნებლები აცხადებენ, უახლოეს მომავალში ბოტი მომხმარებლებს ინფორმაციას ნუტრიციოლოგიასა და სხვადასხვა სერვის პროვაიდერებზეც მიაწვდის.

სტარტაპში, ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზეც საუბრობენ და განმარტავენ,  რომ იმ 1 თვის მაძილზე, რაც Wiggly-მ ოპერირება დაიწყო, მათი ინოვაციით ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

შეგახსენებთ, Wiggly ახალი ქართული ინოვაციური პროდუქტია - პირადი AI ასისტენტი, იგივე ბოტი შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ის ვეტერინარიულ კონსულტაციებს გასცემს, რაც სიმპტომების მიხედვით სავარაუდო დიაგნოზის დასმას გულისხმობს.

ამასთან, იძლევა მითითებებს ზოგადი მოვლის საკითხებშიც, იქნება ეს  ვაქცინირება, წვრთნა თუ სხვ. ამ ყველაფერს კი ჩეტბოტი სპეციალური კითხვარის გამოყენებით ახერხებს, რომლითაც ცხოველზე პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას უმოკლეს დროში აწვდის.