ვლადიმერ ბიძინაშვილი: სუბსიდირების შედეგად მასიური მოხმარების პური არ გაძვირდება
მსოფლიო პანდემიის ურთულესი მეორე ტალღის პირობებში პურის ფასის გაძვირება ისევ ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხად იქცა. გაკეთდა უამრავი განცხადება ფასის გარდაუვალ მატებასთან დაკავშირებით, რაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულების ზრდას და შედარებით შემცირებულ მოსავალს მოჰყვა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო 4 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაასუბსიდირებს მხოლოდ პურის ქარხნებისთვის განკუთვნილ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება. თუმცა, ჩნდება კითხვა, სუბსიდირების მიღმა დარჩენილი სხვა ხარისხისა და ასორტიმენტის პროდუქციის ფასი უცვლელი დარჩება, თუ ეს მხოლოდ სტანდარტული, მასიური წარმოების პურის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას იძლევა?
როგორია პროგნოზი და რა მოსაზრება გააჩნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებს. წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ვლადიმერ ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ სუბსიდირებაში მონაწილე პურის ქარხნები მასიური წარმოების პურის ფასს არ გაზრდიან, თუმცა მიიჩნევს, რომ სუბსიდირების მიღმა დარჩენილი მწარმოებლები ძველი ფასის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.
- პურის გაძვირების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვაფიქრებს. თავად ჩვენ პურს არ ვაწარმოებთ და, როგორც წესი, საცხობები უფრო კომპეტენტურად მოახდენენ ამ საკითხის პროგნოზირებას, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენ გვიწევს პასუხი გავცეთ შეკითხვას - გაძვირდება თუ არა პური? არავისთვისაა უცხო, რომ პურის ფასი ფქვილზეა მიბმული, რაც ხორბლის ფასთანაა პირდაპირ კავშირში. ჩვენ გვესმის პურის მნიშვნელობა ამ გართულებულ სიტუაციაში, ამიტომ მარჟებიც რადიკალურად შევამცირეთ. სანამ ძველი მარაგები გვქონდა, ფქვილი არ გაგვიძვირებია. სახელმწიფოც ჯანსაღად აფასებს სიტუაციას და მთავრობის გადაწყვეტილება სუბსიდირების პროგრამაზე, დროულია, იმისთვის რომ არ გაძვირდეს მასიური მოხმარების პურის ფასი.
- მთავრობის ახალი 4 თვიანი ინიციატივა რამდენად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა ხარისხისა და ასორტიმენტის ხორბლის პროდუქტზე შენარჩუნდება არსებული ფასები?
- სუბსიდირების პროგრამაში ჩართული მწარმოებლები შეძლებენ მასიური წარმოების პური არსებული ფასით შეინარჩუნონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე დარჩება ხელმისაწვდომი პური გაძვირების გარეშე, მაგრამ პურის და ფქვილის სხვა პროდუქციის ფასი, რომელიც სუბსიდიის ფარგლებში არ იქნება, აუცილებლად გაიზრდება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პურის სხვა სახეობების გაძვირება რეალურია.
ფქვილის ფასის ზრდა გამოწვეულია ხორბლის ფასის ზრდით და ამის გარეშე წისქვილები, უბრალოდ, ხორბალს ვეღარ იყიდიან. არსებულ ვითარებას თუ ჯანსაღად შევაფასებთ, სჯობს, მომარაგება სტაბილური იყოს და ფასი ოდნავ მაღალი. გაძვირებულ პურზე უარესი პურის დეფიციტია, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ესაა - სახელმწიფომ იზრუნოს მასიური წარმოების პურზე, უზრუნველყოს არსებული ფასის შენარჩუნება, დანარჩენი კი, რომლის გაძვირებაც გარდაუვალია, მაინც მომხმარებლის არჩევანზე იქნება დამოკიდებული.