ვირტუალური ოპერატორების მოლოდინში - წინააღმდეგობები და კითხვები
სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებს მობილურ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ. მიიჩნევენ, რომ ე.წ MVNO-ების სხვადასხვა ქვეყანაში შესვლას დიდი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება.
„მიმდინარეობს საკითხის განხილვა. მობილური ვირტულური ოპერატორების შესვლას სხვადასხვა ქვეყანაში დიდი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. შემოსვლასთან ერთად აქ ძალიან ბევრ დეტალზეა საუბარი. რა თქმა უნდა, არსებობს როგორც წინააღმდეგობები, ასევე შეკითხვები კომპანიებისა და მარეგულირებლის მხრიდან. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ ოპერატორებიცა და რეგულატორიც საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ ისე, რომ არ დაზარალდეს არც არსებული ბიზნესები, არც კონკურენტული გარემო და არც მომხმარებლის საჭიროებები“,- განაცხადა „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა ტაბიძემ.
მისივე თქმით, მობილურ ოპერატორ კომპანიებს საკუთარი ხედვები უკვე მომზადებული აქვთ და ახლა იგივე ნაბიჯს მათგან ელიან, ვისაც ქსელზე დაშვება MVNO-ს სახით სურთ.
"საბოლოოდ MVNO ბიზნესი უნდა იყოს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ახალი ბიზნესი იწყება, რომელმაც სხვა კომპანიების ინფრასტრუქტურა უნდა გამოიყენოს, გაცილებით მეტი შეკითხვა იბადება. იგივე, კომერციულ, თუ ტექნიკურ ურთიერთობაზე. კომპანიებს, რომელთაც უკვე არსებულ ქსელზე სურთ დაშვება, ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეთ საკუთარი ხედვა. ჩვენ ჩვენი ხედვა და შეთავაზებები უკვე წარდგენილი გვაქვს. თუ კომპანიები ორივე მხარეს არ არიან მზად, წარუმატებელი იქნება ამის მცდელობაც კი. აქ ვალდებულება, ან არავალდებულება არ არის გადამწყვეტი“,- განაცხადა ტაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსავლას უარყოფითად აფასებს "მაგთი". კომპანიამ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა მოსაზრება.
ცნობისთვის, MVNO არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით.
ვირტუალური კომპანიები მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე შემოვლენ და დაიწყებენ ოპერირებას, რადგან ისინი უკვე არსებული მობილური ოპერატორების, „მაგთიკომი“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ ქსელის გამოყენებით მიაწვდიან მომხმარებელს მომსახურებას.
მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს.
2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება.