ბიზნესი
18/07/2022

ველოსიპედების და მისი ნაწილების იმპორტზე შესაძლოა ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდეს

საქართველოში ველოსიპედების და მისი ნაწილების იმპორტზე შესაძლოა ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდეს. პროექტის ინიციატორი ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  დამფუძნებელი გელა კვაშილავაა, რომელიც კერძო სექტორთან, ველომოყვარულებთან და ექსპერტებთან (მათ შორის საერთაშორისო) ერთად დოკუმენტზე მუშაობს.

მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი საკნონმდებლო ინიციატივას პარლამენტში შემოდგომაზე დაარეგისტრირებს, რათა მისი განხილვა საშემოდგომო სესიებისთვის მოესწროს.

„პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ ველოსიპედების და მისი ნაწილების იმპორტი (მათ შორის, ელექტრო ველოსიპედები) საქართველოში გაიაფდეს. ამაზე აქტიურად მუშაობენ როგორც ევროპის, ისე აზიის  და ლათინური ამერიკის ქვეყნები. მათ შორის, ევროპის ბევრ ქვეყანაში აღნიშნული შეღავათი უკვე მოქმედებს.

პანდემიამ  დაგვანახა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის კიდევ უფრო მეტი საჭიროება. გარდა ამისა, საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანააა, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება. თუ ეს ცვლილება განხორციელდება, ქვეყანაში გაიაფდება ველოსიპედები,დაიწყება მისი წარმოება და მისი გამოყენების კულტურა ამაღლდება,“-აცხადებს კვაშლავა.

მისივე მტკიცებით, ამ კუთხით ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ველოსიპედების საერთაშორისო ბრენდების მიერ საქართველოთი დაინტერსებას, მათი მხრიდან აქ წარმოებების დაფუძნებას, მცირე ბიზნესების გაჩენას, საზოგადოების დასაქმებას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას და ასე შემდეგ.

„ჩემი სურვილია, რომ როდესაც ცვლილება ძალაში შევა, გაიხსნას ცნობილი მწარმოებლების წარმომადგენლობები, აქ მოხდეს ველოსპიდების აწყობა. აღნიშნული შეღავათი გაიზრდის იმპორტირებული ველოსიპედების ხარისხსაც, რადგან იმის გამო, რომ ხარისხიანი ძვირია, შემოდის დაბალი ხარისხის პროდუქტი. მიზანია, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ველოსიპედების როგორც მოხმარების, ისე წარმოების დიდი ცენტრი,“-აცხადებს კვაშილავა.

კითხვაზე, დათვლილია თუ არა ის დანაკლისი, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ცვლილების ამოქმედების შედეგად მიიღებს, კვაშილავა აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ ლიბერალური რეჟიმის ამოქმედების შედეგად უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე ახლა. თუმცა, მისივე განმარტებით, აღნიშნულ კითხვაზე დეტალური პასუხი დოკუმენტზე მუშაობის დასრულების  და პარლამენტთან შეთანხმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ინიციატივას „ბიზნესპარტნიორთან“ Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმის ამოქმდება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე წარმოებების გაჩენას, რაც ეკონომიკისთვის მხოლოდ დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.

„ჩვენ დღეს იმპორტიორები, როდესაც საქართველოში შემოგვაქვს ველოსიპედი ან მისი ნაწილი, ვიხდით როგორც დღგ-ს, ისე იმპორტის გადასახადს. მაგალითად, გერმანიაში ველომწარმოებელი იმპორტის გადასახადს არ იხდის. ახლა კი იქ საუბარია, რომ დღგ-ც აღარ გადაიხადონ. ამ გზით მიდის თითქმის მთელი მსოფლიო. თუ საქართველოც ამ გზით წავა, ქვეყანში  ველოსიპედები მინიმუმ 18%-ით გაიაფდება, ამას კი მომხმარებელი თავის ჯიბეზე იგრძნობს ,“-აცხადებს კიკნაველიძე.

Businesspartner