ბიზნესი
03/11/2023

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს

როდესაც ყოველ წელს ერთი და იგივე სეგმენტში, ერთსა და იმავე სფეროში იხარჯება ბიუჯეტის ფული, ეს არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს - ასე აფასებს „ბიზნესპარტნიორთან“ „ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ციტრუსის სუბსიდირების გაზრდის საკითხს.

მისივე თქმით, სუბსიდირება ამა თუ იმ დარგში მხოლოდ ერთჯერადი ჩარევის სახით არის მომგებიანი და არა პერმანენტულად.

„ზოგადად, ეკონომიკაში სუბსიდირების პრაქტიკა მე პირადად, არ მიმაჩნია გამართლებულად. ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთჯერადი ინექციის სახით, თუ რაღაც განსაკუთრებული მომენტია. მაგრამ, როდესაც ეს უკვე ტენდენციის სახეს იღებს და ყოველ წელს ერთი და იგივე სეგმენტში, ერთსა და იმავე სფეროში იხარჯება ბიუჯეტის ფული, ეს არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს, და იმაზე, რომ ამ დარგში მუდმივად არის პრობლემა.

არ შეიძლება, რომ დარგში არსებობდეს მუდმივი ხელის შემშლელი ფაქტორები - თუ არსებობს, მისი მოგვარება შესაძლებელია იმ გზით, რომ ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ამაღლდეს ფერმერების განათლების დონე და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიყვანს ფერმერი ისეთ პროდუქციას, როგორიც ბაზარს სჭირდება. ეს პროდუქცია იქნება მაღალი ხარისხის და არანაირი სუბსიდირება აღარ დასჭირდება. პირიქით, ბიუჯეტის შევსების წყარო გახდება ქართული სოფლის მეურნეობა, თუ ჩვენ ამას კომპლექსურად და სწორად მივუდგებით“ - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი. 

წელს, სახელმწიფომ მანდარინის სუბსიდირების ფასი გაზარდა. თუკი გასულ წლებში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრი იყო - სადაც 15 თეთრს სახელმწიფო იხდიდა, ხოლო 5 თეთრს საწარმო, ახლა ეს ფასი 30 თეთრია. სახელმწიფო სუბსიდიის თირებულება 25 თეთრს შეადგენს, საწარმოს ჩართულობა კი - 5 თეთრია.

წელს ქვეყანაში 50 ათას ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან.