უცხოეთში გაგზავნის ნაცვლად, ბიოდეგრადირებადი და პლასტიკის პარკები თბილისში შემოწმდება
„ჩვენთან არსებობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელმაც მიიღო რეფერენსის ლაბორატორიის სტატუსი და იქ ვნერგავთ კვლევის მეთოდს, რომელიც შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებს პარკი პლასტიკის არის, თუ ბიოდეგრადირებადი“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ლაბორატორია, სავარაუდოდ, უახლოეს 2 თვეში ამუშავდება.
„ეს დიდი შეღავათი იქნება, როგორც შემმოწმებლებისთვის, ისე თავად მეწარმეებისთვის. იცით რომ, ამჟამად, მსგავსი პროდუქციის ნიმუშები უცხოეთში იგზავნება და მოწმდება. ამიტომ, ამ ლაბორატორიის ამუშავების შემდეგ, ორივე მხარე დაზოგავს ფინანსებსა და დროს“, - აღნიშნა პავლიაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლის მექანიზმს, ამჟამად, 3 უწყება ახორციელებს, კერძოდ - გარემოს ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს მწარმოებლებს, იმპორტს -საბაჟო სამსახური, ხოლო მუნიციპალური ინსპექციები ამოწმებენ საცალო ქსელებს.
„ლაბორატორიას, რომელიც ვაშლიჯვარში ფუნქციონირებს და ახლა მხოლოდ ვეტის, სურსათის და ფიტოს მიმართულებით საქმიანობს, დაემატება ეს ახალი მიმართულებაც და ყველას შეეძლება გადაამოწმოს, თავისი პროდუქცია რამდენად შეიცავს სტანდარტის შესაბამის შემადგენლობას“, - განმარტა პავლიაშვილმა.
შეგახსენებთ, 2023 წლის 1-ლი ივნისიდან, მეწარმეებს ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ, ან ინგლისურ ენაზე წარწერის − „ნარჩენებისთვის“, ან შესაბამისი სიმბოლოს დატანის ვალდებულება აქვთ. ამას ითვალიწინებს "ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები.
მანამდე კი, 2023 წლის 2 იანვრიდან ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. უფრო კონკრეტულად, შეზღუდვა ისეთ პარკებს შეეხო, რომლებიც მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში პროდუქციის ასაწონად გამოიყენება.