ბიზნესი
06/10/2020

"უცხოელებისთვის ეკოტურიზმია მიმზიდველი, ქართველებისთვის - გაპრიალებული სასტუმრო"

„თედოს მარანი“ ქვევრის ღვინოს ბიო სტანდარტების მიხედვით საგარეჯოში საოჯახო მარანში აწარმოებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეთო გზირიშვილმა განუცხადა, პანდემიამ კომპანიაზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა. გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტორების ძირითად ნაწილს უცხოელები წარმოადგენდნენ, რის გამოც მარანს შემოსავლები შეუმცირდა, თითქმის გაჩერებულია ღვინის რეალიზაციაც.

„თბილისში, ღვინის მაღაზია-ბარები, სადაც ღვინოს ვაბარებდით და ვყიდიდით, გაჩერდნენ. მაღაზიებში ამბობენ, რომ აზრი არ აქვს ღვინის მიღებას, რადგან ვერ გაყიდიან. თბილისში ფაქტობრივად არსად იყიდება. შარშანდელი წლის ღვინო ისევ ქვევრებშია. ახალი მოსავალიც დაემატა და შეგვექმნა ჭურჭლის პრობლემაც, რადგან შარშან წარმოებული ღვინისგან ქვევრები ვერ დაიცალა,“ - აცხადებს გზირიშვილი.

მისივე განცხადებით, სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ სრულად შეჩერებულია საექსორტო მიმართულებაც. მათ შორის, დაპაუზდა ექსპორტი ავსტრალიასა და აშშ-ში.

ამჟამად კომპანია 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის, რქაწითელს, საფერავს, ბუდეშურ წითელს, ბუერას.

მარანი საგარეჯოშია, ხოლო ვენახები ივრის პირას 6 ჰექტარზეა გაშენებული. „თედოს მარანის“ ბრენდით ღვინო  რამდენიმე ღვინის მაღაზიაში იყიდებოდა. ჩაბარებამდე მისი ფასი 14-დან 23-ლარამდე მერყეობს, საერთაშორისო ბაზარზე კი 1 ბოთლის ღირებულება 6 დოლარიდან 9 დოლარამდეა.

„თედოს მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმის გააქტიურებას მათზე დადებითი გავლენა არ მოუხდენია.

„ქართველი ტურისტი გაპრიალებულ სასტუმროებს და კარგად მოწყობილ მარნებს ეტანება. ჩვენი არის ეკო ტურიზმი,  ობიექტი რეალურია, შელამაზების გარეშე, ანუ ადგილია, სადაც რეალურად ცხოვრობს ადამიანი, მოჰყავს ყურძენი და ღვინოს აწარმოებს. ასეთი ადგილებით კი უფრო უცხოელი ტურისტები ინტერსდებიან,“ - აცხადებს ეთო გზირიშვილი.