უნარჩენო წარმოება - სამკერვალო "ლიდერი" წელს 10 ტონა ტექსტილის ნარჩენს გადაამუშავებს
სოციალური საწარმო, სამკერვალო "ლიდერი" წელს 10 ტონა ტექსტილის ნარჩენის გადამუშავებას გეგმავს.
საწარმო ტექსტილის ნარჩენებს საქართველოს მასშტაბით არსებული 35 საწარმოდან იღებს, გადაამუშავებს და მიღებულ ნედლეულს წარმოებაში იყენებს. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" საწარმოს დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე აღნიშნავს, 2023 წელს ამ რიცხვის კიდევ უფრო ზრდა იგეგმება.
"გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის დახმარებით, შევიძინეთ ტექსტილის დასაქუცმაცებელი დანადგარი და მიზანდ დავისახეთ ტექსტილის ნარჩენების შემცირება. ჩვენ დაკონტრაქტებული გვყავს 35 სამკერვალო საწარმო გორში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, საიდანაც ვუზრუნველვყოფთ სამკერვალო ტექსტილის ნარჩენის ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, მის ნედლეულად ქცევას და შემდეგში ახალი პრუდიქტის შესაქმნელად გამოყენებას. 2022 წლის ბოლომდე გადამუშავებული იქნება 10 ტონა ნარჩენი, რაც დაგეგმილზე ორჯერ მეტია. ვგემავთ, რომ 2023 წელი უფრო მეტი ნარჩენი მივიღოთ და გადავამუშავოთ. რაც მთავარია ჩვენ დავნერგეთ სისტემა, რომელიც მოსახლეობისგან სამკერვალო ნარჩენის მიღებას გულისხმობს. ეს ასევე მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით. სფეროს მოკვლევა გავაკეთეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მსოფლიოში ტექსტილის ნარჩენი დაბინძურების თვალსაზრისით, ნავთობის შემდეგ, მეორე ადგილზეა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ამიერკავკასიაში ტექსტილის პირველი გადამამუშავებელი საწარმო ქალაქ გორში, რომელმაც შეიმუშავა და დანერგა წარმოებაში ნულოვანი ნარჩენი და არის საწარმო, რომლის დახმარებითაც კიდევ 35 საწარმო გადის ნულოვან ნარჩენზე",- აღნიშნავს ნინო გიორგაძე.
"ლიდერი" ბავშვის სამოსს ქმნის. ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად იყიდება. ექსპორტზე გადის სომხეთშიც. წელსვე, საერთაშორისო გამოფენებზე იტალიასა და საფრანგეთში გასამგზავრებლად ემზადებიან.
საწარმო 2016 წელს ქალაქ გორში დაარსდა. მას სოციალური მიზანი ჰქონდა, რომელიც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხობვრები სოციალურად მოწყვლადი ქალების გაძლიერებას გულისხმობს.
"თავდაპირველად დავიწყეთ ორი თანამშრომლით და შემდეგ ჩვენი მთავარი სოციალური მიზნის მისაღწევად გავზარდეთ ჩვენი წარმოება. გადამზადების გზით სოციალურად მოწყვლად ქალებს ვასწავლიდით ჭრა-კერვას და შემდეგ ამ ფორმით ვუწყობდით ხელს დასაქმებაში. გასულ წელს CENN-ის მხარდაჭერით, ჩვენი საწარმო გაფართოვდა, გადაიარაღდა, შევიძინეთ თანამედროვე ტექნიკა-დანადგარები და შეიქმნა 14 ახალი სამუშაო ადგილი. დღეს აქ ჯამში 26 დასაქმებულია",- აღნიშნავს სამკერვალოს დამფუძნებელი.