წისქვილკომბინატები დახურვის საფრთხის წინაშე - ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება
ფქვილის იმპორტის ზრდის გამო შესაძლოა წისქვილკომბინატების ნაწილი დაიხუროს. მიზეზი არაკონკურენტული გარემოა, რომელიც ძირითადი იმპორტიორის რუსეთის მიერ ხორბალზე შემოღებულმა ე.წ მცურავმა ბაჟმა შექმნა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიო ბაზრებზე ბოლო ათი დღის განმავლობაში დაძაბულია ვითარება.
"მსოფლიო ანალიტიკა გვიჩვენებს რომ მოსავალი ფაქტობრივად შემცირებულია 10 მლნ ტონით რუსეთსა და უკრაინაში, რამდენიმე მილიონი ტონით ევროკავშირის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ფასებმა დაიწყო მატება. ჩვენ ძირითადი იმპორტი გვაქვს რუსეთიდან, სადაც მოქმედებს მცურავი ბაჟი. თუ ივნისში ბაჟი იყო 25 დოლარი ახლა 50 დოლარს მიაღწია. ამ გამოწვევას ბევრმა სახელმწიფომ უპასუხა გარკვეული შეღავათების დაწესებით და საკანონმდებლო ინიციატივებით. მაგალითად აზერბაიჯანმა მთლიანი ჯაჭვი წარმოების გაათავისუფლა დღგ-სგან. დაწყებული ხორბლის იმპორტით დამთავრებული პურის წარმოებით. თურქეთმა გააუქმა საიმპორტო ბაჟი.
ჩვენც სავარაუდოდ დაგვჭირდება რაიმე ინიციატივა გარკვეულ შედეგებზე გასასვლელად. იმის გამო რომ ხორბალზე გარკვეული ბაჟის გადახდა უწევთ იმპორტიორებს, ეს გადასახადი ფქვილის ღირებულებაზე აისახებოდა. ამიტომ უკვე დაიწყო საქართველოში არა ხორბლის არამედ ფქვილის იმპორტი, რომელსაც ბაჟის გადასახადი არ აქვს. ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა და გაიზარდა მაშინ წისქვილკომბინატების ნაწილი არაკონკურენტულ გარემოში ჩავარდება და მოუწევს დახურვა.
სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან აქტიურად ვართ ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ალბათ დაახლოებით თვენახევარში უკვე უნდა იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება, რათა მოხდეს დროულად კომპანიების მხრიდან საჭირო რეაგირება,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.
რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილსა და ხორბალს შორის ფასის დიდი სხვაობაა და ის დაახლოებით 50 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი ტომარა ფქვილის ჭრილში იმპორტირებულსა და ადგილზე წარმოებულ პროდუქტს შორის სხვაობა საშუალოდ 5-6 ლარია.
ბაზარზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ოქტომბრის ბოლომდე თუ მთავრობა რაიმე გადაწყვეტილებას არ მიიღებს რისკები იმისა, რომ წისქვილკომბინატები დაიხუროს ან პურზე ფასების ზრდა მოხდეს საკმაოდ დიდია. ცნობისთვის 1 ტომარა ფქვილის ფასი დღეს დაახლოებით 68 ლარს შეადგენს.