ბიზნესი
31/03/2022

ტრეიდერების ჰაბი კრიპტოვალუტების რეგულირებას სკეპტიკურად უყურებს

ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების რეგულირების დაწყებას აანონსებს, თუმცა სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ სებ-მა დოკუმენტი დარგის ჩართულობის გარეშე შეიმუშავა.

ტრეიდერების ჰაბის ხელმძღვანელი, რატი ქირია "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ სექტორისთვის მოსაზრებების გაცვლა არავის შეუთავაზებია. ქირია სებ-ს ურჩევს, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას დარგის წარმომადგენლების აზრი უფრო მეტად გაიზიაროს. 

"კომუნიკაციის ნაკლებობა შეინიშნება. მე პირადად და ტრეიდერების ჰაბიდან არც არავინ არ ვყოფილვართ ამ განხილვებში ჩართული. ჩვენი მოსაზრებების გაზიარება არ მომხდარა. ვისაც ვიცნობ, ჩვენს დარგში მცოდნე ადამიანებს, არცერთი ადამიანისგან არ მსმენია, რომ ეროვნულმა ბანკმა შესთავაზა ამ კანონმდებლობაზე მუშაობის ფარგლებში საკუთარი აზრის დაფიქსირება. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად იყო. უმჯობესი იქნებოდა ჩვენთვისაც ეკითხათ აზრი, იქნებ რას ვეტყოდით და როგორ დავეხმარებოდით ამ კანონმდებლობის შექმნასა და დამუშავებაში. სურვილი გვაქვს, რომ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები",- აღნიშნა მან. 

ტრეიდერების ჰაბის ხელმძღვანელი სექტორის რეგულირებას მიესალმება, თუმცა კანონის შედეგის ეფექტურობას ეჭვქევშ აყენებს. 

"ზოგადად, კრიპტოვალუტაში ასეთი რისკები და არაკეთილსინდისიერი ტრანზაქციები ხშირია. ამ კანონმდებლობით მინიმალურ დონეზე მაინც უნდა დარეგულირდეს ის კომპანიები, რომლებიც ინდივიდებს ვაჭრობის საშუალებას აძლევენ. 

დეცენტრალიზებული ბაზარია. ფაქტობრივად, ანონიმურია ანგარიშები. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გლობალურად არაერთ ქვეყანაში მომხდარა მსგავსი ტიპის უცნაური ტრანზაქციები, რომელსაც ფიზიკურად ვერ გამოიძიებ. საერთო ჯამში, ეს კანონმდებლობა ვერ იქნება იმდენად ძლიერი. კომპანიებს შეეხებათ, მაგრამ ინდივიდებს ნაკლებად. საუბარია ისეთ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ სარგებლობენ კომპანიების ანგარიშებით. მაგალითად, შეიძლება მე არ მაქვს გახსნილი ქართული კომპანიის ანგარიშზე ჩემი ანგარიში, ფულის განაღდებისას კი სხვა მეთოდს ვიყენებ, რომელიც საქართველოში არც ტარდება. ამ თვალსაზრისით კანონმდებლობა ვერ დაადგენს, რა ტიპის ტრანზაქცია განხორციელდა. ზოგადად, კრიპტოვალუტა იმიტომ სარგებლობს საზოგადოების დიდი ინტერესით, რომ იქ ყველაფერი ანონიმურია და მაქსიმალურადაა დაცული ინდივიდი. ამას კი ნაწილი უარყოფითად იყენებს",- აცხადებს რატი ქირია. 

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ფულის გათეთრების მიმართულებით არსებული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებისთვის გარკვეული რეგულაციების მიღებას გეგმავს.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს პირველადი პროექტი შემუშავდა, რომელიც ვირტუალური აქტივის გადაცვლის, გადაცემის, შენახვის, ადმინისტრირების და მომსახურების განმახორციელებელი პირების რეგულირებას, მათთვის რეგისტრაციის ლიცენზირების შესაბამისობის ტესტისა და ფულის გათეთრების კონტროლოს მოთხოვნების განსაზღვრის გზით ითვალისწინებს.

"პროექტის სამუშაო ვარიანტი გვაქვს და ვფიქრობ ცოტახანში დამთავრდება ეს პროცესი. პროექტის განხილვას ვგეგმავთ, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო სექტორთან. ამის შემდეგ, 2022 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ჩარჩო უნდა განვიხილოთ და მივიღოთ რეკომენდაციები, ხოლო შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს.”- აღნიშნავს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.